
პრემიერი: ანაკლიის პორტის პირველი ფაზა უნდა დასრულდეს 2029 წლისთვის, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს, პორტი იქნება ქართული, 100%-იანი ქართული საკუთრებით, თუმცა ტერმინალები ოპერირებაში გადაეცემა სხვადასხვა პარტნიორს, ინტერესი ძალიან დიდია, ამ მოდელის პირობებში იდეალურად იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები და მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ტვირთების მოზიდვა
ინფრასტრუქტურის ნაწილში გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ანაკლიის პორტის პირველი ფაზა უნდა დასრულდეს 2029 წლისთვის, რაც ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო ანაკლიის პორტის პროექტს და „Landlord-ის მოდელის“ უპირატესობებზე ისაუბრა.
„ძალიან ბევრი რამ გადალაგდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმისათვის, რომ გაუმჯობესებულიყო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხი, გაუმჯობესებულიყო ტემპი სამუშაოების და შესაბამისად ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.
ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური პროექტები, ეს არის ანაკლიის პროექტი, რომლის პირველი ფაზა უნდა დასრულდეს უკვე 2029 წლისთვის და ეს რა თქმა უნდა ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს.
ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. „Landlord-ის მოდელი“ ნიშნავს იმას, რომ რეალურად პორტი იქნება ქართული, მთლიანად ასპროცენტიანი ქართული საკუთრებით. თუმცა ოპერირებაში გადაეცემა ტერმინალები სხვადასხვა პარტნიორს, სხვადასხვა სახელმწიფოს თუ კომპანიას. ინტერესი არის ძალიან დიდი და ამ მოდელის პირობებში იქნება იდეალურად დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები და მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ტვირთების მოზიდვა.
პორტის ფუნქციონირებისთვის მთავარი არის ტვირთების მოზიდვა და იმ პირობებში, როდესაც პორტი იქნება ქართული, ეს ერთი, რომ იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად დაცული და მეორე - ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოს და კომპანიის ინტერესი წარმოვადგინოთ ანაკლიის პორტში, რაც უკვე ქმნის მყარ გარანტიას ტვირთების მოსაზიდად. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას რეალურად არ აქვს არავითარი ნაკლი, პირიქით, არის იდეალური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოგვცემს ანაკლიის პორტის საუკეთესოდ ფუნქციონირების შესაძლებლობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

