
პრემიერი: ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით, საქართველო რჩება ერთადერთ ეფექტიან გზად, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირი აღმოსავლეთის მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, როდესაც ასეთ დროს გიჭირს საკუთარი ობიექტური ინტერესების შეცნობა, ეს ნიშნავს იმას, რომ მოქმედებ არა საკუთარი სუვერენული ინტერესების მიხედვით, არამედ გარე ძალების ინტერესების შესაბამისად
ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30% და დღეს არის შემცირებული დაახლოებით 17.5%-მდე, ეს არის სწორედ სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპას სერიოზული პრობლემები აქვს აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით, ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე და ასევე მას შემდეგ, რაც ჩაიკეტა მათთვის წვდომა რუსეთის იაფ რესურსებზე.
„ევროკავშირის ბიუროკრატია არის აბსურდში შესული. ყველამ კარგად იცის საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით. საქართველო აკავშირებს ზღვასთან კავშირის არმქონე შვიდ ქვეყანას შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს როლი ამ კუთხით არის ბუნებრივია საკვანძო. თუმცა იცით, როგორი აბსურდული გადაწყვეტილებები მიიღეს მათ თავის დროზე. მაგალითად, გაიმართა მინისტერიალი, სადაც იყო მიწვეული შვიდი ქვეყანა მინისტრის დონეზე და საქართველო არ მიიწვიეს მინისტრის დონეზე მაშინ, როდესაც სწორედ საქართველოა ის ქვეყანა, რომელიც ყველა დანარჩენ შვიდივე დანარჩენს აკავშირებს შავ ზღვასთან. აი ასეთ აბსურდში როდესაც შედიხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ დამოუკიდებლად ვერ იღებ გადაწყვეტილებებს. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარე გავლენებით და არა საკუთარი სუვერენული ინტერესების შესაბამისად. სწორედ ამის შედეგია ის მაჩვენებლები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30% და დღეს არის შემცირებული დაახლოებით 17.5%-მდე. ეს არის სწორედ სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი და ასეთი აბსურდული გადაწყვეტილებები, დამატებით ხელს უწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდება, სამწუხაროდ, ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში. ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის კუთხით მას შემდეგ, რაც ჩაიკეტა მათთვის რუსეთი, წვდომა რუსეთის იაფ რესურსებზე, ასევე ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ფონზე არის სერიოზული ჩიხი შექმნილი შესაბამისი მიმართულებით. საქართველო რჩება ერთადერთ ეფექტიან გზად იმისათვის, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირი აღმოსავლეთის მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. როდესაც ასეთ დროს გიჭირს საკუთარი ობიექტური ინტერესების შეცნობა, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ შენ მოქმედებ არა საკუთარი სუვერენული ინტერესების მიხედვით, არამედ გარე ძალების ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.

