
პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, ქალაქ გურჯაანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლევმა პირმა დაზარალებულს ცივი იარაღის გამოყენებით მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ჟ” ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge