
„ქართველი სამხედროების მიერ ცხინვალის დაბომბვამ სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვია“ - კიდევ რა წერია რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს მხარი დაუჭირა და სადაც საქართველო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევად შეფასდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2008 წლის 2 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც საქართველო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამრღვევად შეფასდა და ჩაიწერა, რომ ქართველი სამხედროების მიერ ცხინვალის დაბომბვამ სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვია.
„7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან“, - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.
გარდა ამისა, დოკუმენტში წერია: „ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილი იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახი ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება ან დაჭრა, ისევე, როგორც საკუთრების ხელყოფა. კერძოდ, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“.
რეზოლუციას მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის იმდროინდელმა წევრებმა: ჩიორა თაქთაქიშვილმა, გიორგი თარგამაძემ, გიორგი კანდელაკმა, დავით დარჩიაშვილმა და გიორგი გაბაშვილმა. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge