
რაჭაში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭის რეგიონში საგზაო, მუნიციპალური, კულტურული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოები და დაგეგმილი პროექტები მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას, თანამედროვე საზოგადოებრივი სივრცეების შექმნას, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
„პრემიერ-მინისტრთან ერთად, რაჭაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დავათვალიერეთ. ონის შესასვლელში, ცოტა ხნის წინ განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ, მოვაწყვეთ ალტერნატიული გზა, რომლითაც დღეს უკვე სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა. ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა და სრულყოფილი რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ძირითადი გზა უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ასევე მოვინახულეთ მრავალძალის ახალი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ონის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი–მრავალძალის 9.2-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მაღალმთიანი სოფლების ხელმისაწვდომობა, გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.
ინტენსიურად მიმდინარეობს მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოებიც ქალაქ ონის შესასვლელთან, ქუთაისი (ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში ხორციელდება მეწყრული უბნის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. სამუშაოების პერიოდში ავტოტრანსპორტი სპეციალურად მოწყობილი შემოვლითი გზით უკვე გადაადგილდება, რაც მოსახლეობისა და ტრანზიტული მოძრაობის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
„ვესტუმრეთ ამბროლაურის კულტურის სახლსაც, სადაც პრემიერ-მინისტრს ახალი კულტურის სახლის პროექტი წარვუდგინეთ. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე საგამოფენო და მრავალფუნქციური კულტურული სივრცეების მოწყობას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონის კულტურულ ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა მინისტრმა.
რაჭაში აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტირებაც. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით გრძელდება ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება. პროექტის დასრულების შემდეგ გამოცხადდება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი. განახლებული კულტურის სახლი შეინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს და თანამედროვე მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდება, სადაც განთავსდება თეატრალური, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეები.
ამბროლაურში ასევე მიმდინარეობს ახალი სარეკრეაციო სივრცის პროექტირება, რომლის დასრულებაც შემოდგომაზე იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე პარკის მოწყობას საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი ზონებით, ველო- და საფეხმავლო ბილიკებით, ღია სცენებითა და პავილიონებით. ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. პარალელურად, ახალი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნაპირდაცვითი და ნაპირსამაგრი ღონისძიებების პროექტირებას ახორციელებს, რაც ტერიტორიის უსაფრთხოებისა და პარკის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
რაჭაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონის საგზაო კავშირს, გაზრდის უსაფრთხოებას, შექმნის ახალ საზოგადოებრივ და კულტურულ სივრცეებს, გააძლიერებს ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივ მოსახლეობას თანამედროვე, ხარისხიანი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს.
იმედი
წყარო: imedinews.ge