
Reuters: აშშ-მა ერთი თვით, 27 ივნისამდე გაახანგრძლივა ლიცენზია, რომელიც კომპანიებს უფლებას აძლევს, მოლაპარაკებები აწარმოონ „ლუკოილთან“ მისი უცხოური აქტივების შესყიდვის თაობაზე
აშშ-მა ერთი თვით, 27 ივნისამდე გაახანგრძლივა ლიცენზია, რომელიც კომპანიებს უფლებას აძლევს, მოლაპარაკებები აწარმოონ „ლუკოილთან“ მისი უცხოური აქტივების შესყიდვის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გასული წლის ოქტომბერში, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარდაჭერისა და ამ პროცესში ნავთობდოლარების როლის გამო, აშშ-მა სანქციები დააწესა „ლუკოილისა“ და სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ წინააღმდეგ. მას შემდეგ ვაშინგტონმა მოლაპარაკებების ბოლო ვადა უკვე დაახლოებით მეექვსედ გადაავადა.
ამერიკულმა სანქციებმა „ლუკოილი“ აიძულა, გაყიდოს თავისი საერთაშორისო პორტფელი, რომელიც დაახლოებით 22 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.
აღნიშნული პორტფელი მოიცავს ნავთობის საბადოებს, გადამამუშავებელ ქარხნებსა და ავტოგასამართ სადგურებს ერაყიდან ფინეთამდე. აქტივების ყიდვის პროცესით უკვე ათზე მეტი პრეტენდენტი დაინტერესდა.
სანქციების პირობების თანახმად, ნებისმიერი პოტენციური გარიგებისას „ლუკოილმა“ წინასწარ არანაირი თანხა არ უნდა მიიღოს. გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი განთავსდება გაყინულ ანგარიშზე, რომელიც აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ იქნება. გარდა ამისა, ტრანზაქციების განსახორციელებლად საჭიროა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის საბოლოო დასტური.
იმედი
წყარო: imedinews.ge