
Reuters: მელონი ტრამპის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, თითქოს ის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მას სურათის გადაღებას „ეხვეწებოდა“
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის შესახებ გამოგონილი ისტორიის გავრცელებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ამის მიზეზი ტრამპის ინტერვიუ გახდა, რომელშიც მან იტალიურ ტელეარხს განუცხადა, რომ მელონი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მასთან ფოტოს გადაღებას „ეხვეწებოდა“.
მელონიმ განაცხადა, რომ ტრამპის კომენტარებით „გაოცებულია“ და ისინი „სრულად გამოგონილია“. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დასავლეთის მოწინააღმდეგეების მიმართ უფრო მეტ შემწყნარებლობას იჩენს, ვიდრე დიდი ხნის პარტნიორებისა და მოკავშირეების მიმართ.
როგორც Reuters-ი წერს ბოლო საჯარო დაპირისპირება ორ ლიდერს შორის ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებაზე მიუთითებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ ჩანდა, თითქოს მათ შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ბოლო თვეებში მელონისა და ტრამპის ურთიერთობები ირანის ომის საკითხზე არსებული უთანხმოების გამო დაძაბული იყო.
სამიტიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მელონი და ტრამპი ხანგრძლივ საუბარში არიან ჩართულები, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა მოგვიანებით მიანიშნა, რომ იტალიის პრემიერთან საუბარი მხოლოდ მისი თხოვნის გამო შედგა.
იტალიელ ჟურნალისტებთან მოკლე საუბრისას ტრამპმა განაცხადა: „ალბათ ბედნიერია, რომ მას ვესაუბრე. საერთოდ არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა“.
ამავე ინტერვიუში ტრამპმა დაამატა: „ფოტოს გადაღებას მთხოვდა, ძალიან უნდოდა ჩემთან ერთად სურათის გადაღება. ალბათ არც გადავიღებდი, მაგრამ შემეცოდა“.
მელონიმ საპასუხოდ განაცხადა: „დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად გამოგონილია. გულწრფელად რომ ვთქვა, გაოცებული ვარ. არ მესმის, რატომ იქცევა ასე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავისი მოკავშირეების მიმართ. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის“.
იტალიის პრემიერის თქმით, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ტრამპი იმავე სიმკაცრეს არ ავლენს დასავლეთისა და თავად აშშ-ის მოწინააღმდეგეების მიმართ.
„შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ გულდასაწყვეტია, როდესაც ის გაცილებით მეტ შემწყნარებლობას იჩენს დასავლეთისა და ამერიკის მტრების ლიდერების მიმართ. ერთი რამ უნდა ახსოვდეს: არც მე და არც იტალია არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“, - განაცხადა მელონიმ.
იმედი
წყარო: imedinews.ge