
Reuters: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 1 500 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად თითქმის 1 500 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 800 უცხოელი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტიქია მას შემდეგ მოხდა, რაც ჰიმალაის მდინარეში მიწისა და ქვების მასა ჩამოიშალა, რამაც ქალაქებსა და ხეობებში დამანგრეველი უეცარი წყალდიდობა გამოიწვია.
ნეპალში მაშველებმა გადარჩენილების ძებნისა და სტიქიის შედეგად გარე სამყაროს მოწყვეტილი ათასობით ადამიანისთვის გადაუდებელი დახმარების ჩატანის მიზნით ვერტმფრენები გამოიყენეს.
პოლიციის განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 165-ს გადააჭარბებს.
„ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან ძებნა განვაახლეთ და მოსალოდნელია, რომ კიდევ ბევრი ცხედარი იყოს აღმოჩენილი“, – განუცხადა Reuters-ს პოლიციის წარმომადგენელმა აბი ნარაიან კაფლემ.
ნეპალში დაკარგული თითქმის 500 უცხოელია. დაკარგულ ტურისტებს შორის, რომლებიც ორ ათეულზე მეტი ქვეყნიდან არიან, 177 ინდოეთის, 63 – აშშ-ის, 34 – ავსტრალიის, 33 – ბრიტანეთის, ხოლო 25 – კანადის მოქალაქეა.
ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხ CCTV-ის ინფორმაციით, ტიბეტის გირონგის ოლქში დაკარგულად ითვლება 558 ადამიანი, მათ შორის 260 უცხოელი. ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამს შეადგენს.
იმედი
წყარო: imedinews.ge