
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25 პროცენტამდე ზრდის
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების გახანგრძლივებამ გლობალურად ინფლაციის მორიგი მიწოდების შოკი წარმოქმნა. საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა გლობალურად ინფლაციის ზრდაში უკვე აისახა.
„ამავდროულად, გეოპოლიტიკური მდგომარეობა საერთაშორისო ტრანსპორტირებას აფერხებს და მიწოდების ჯაჭვების რღვევის რისკებს აძლიერებს. ეს კი, თავის მხრივ, წარმოების ხარჯებს აძვირებს, რაც დამატებითი ინფლაციის წყარო შესაძლოა გახდეს. ზემოაღნიშნული ნავთობის ფასების გაძვირების პირდაპირი ეფექტი საქართველოს ბაზარზეც საწვავის ფასებში უკვე აისახა. აღნიშნული მიწოდების შოკების პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების ერთობლიობის შედეგად, აპრილში, მთლიანი ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტიანი დონიდან გადაიხარა და 5.9 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები, რომლებიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და ინფლაციურ მოლოდინებს, ბოლო პერიოდში დაჩქარდა, რამაც მეორე რაუნდის რისკები უფრო საყურადღებო გახადა. თუმცა დაჩქარების მიუხედავად, ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არის. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) აპრილში 3.2 პროცენტი, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7 პროცენტი შეადგინა.
მიუხედავად მწვავე გეოპოლიტიკური შოკებისა, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ დონეზე რჩება. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მარტში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.7 პროცენტი, ხოლო პირველ კვარტალში 9.1 პროცენტი შეადგინა. ამასთანავე, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი კვლავ მაღალპროდუქტიული სექტორებია, რაც მოთხოვნის მხრიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ნაწილობრივ აბალანსებს.
