
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და დელეგაციის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ფინეთის დედაქალაქში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრნენ.
ჰელსინკში გამართულ საპარლამენტო ფორუმს, რომელიც თემას - „ქრისტიანი უმცირესობების მდგომარეობა კრიზისის დროს: საზოგადოებას, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობები. სირთულეები და გამოწვევები" მიეძღვნა, 15 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებაზე მიწვეული სპეციალური სტუმრები დაესწრნენ.
გენერალური ასამბლეა ფინეთის პარლამენტის სპიკერის იუსი ჰალა-აჰოს მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეაზე განსახილველი საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თავის გამოსვლაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა.
„ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ვიმსჯელოთ კრიზისების ვითარებაში მცხოვრები ქრისტიანი უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ასევე საზოგადოებას, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის საკითხებზე. საქართველოსთვის ეს თემა განსაკუთრებით მტკივნეულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
საქართველოს ეს ისტორიული მხარეები საუკუნეების განმავლობაში იყო ქართული ქრისტიანული თემების სამშობლო, სადაც მართლმადიდებლური სარწმუნოება ადგილობრივი კულტურული და სულიერი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. 1990-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტებისა და ორივე რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, ასევე 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად ასობით ათასი ეთნიკური ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. შედეგად, რეგიონების დემოგრაფიული სურათი მკვეთრად შეიცვალა და მრავალ ისტორიულ ქრისტიანულ თემს მშობლიურ მიწაზე მრავალსაუკუნოვანი არსებობის გაგრძელების შესაძლებლობა წაერთვა.
ისტორიული მეხსიერების შესუსტებამ და ადგილობრივი მოსახლეობის საკუთარ რელიგიურ და კულტურულ მემკვიდრეობასთან თანდათანობითმა გაუცხოებამ გავლენა მოახდინა ორივე ოკუპირებულ რეგიონზე და საფრთხე შეუქმნა მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ძეგლების შენარჩუნებას. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკური ქართველები კვლავაც აწყდებიან სირთულეებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობასთან. ისინი ცხოვრობენ იზოლაციის პირობებში, შეზღუდული აქვთ წვდომა ქართულ კულტურულ და რელიგიურ მემკვიდრეობაზე და მუდმივად განიცდიან ზეწოლას, რაც აფერხებს მათი იდენტობის სრულფასოვნად შენარჩუნების შესაძლებლობას.
ეს გამოწვევა ნათლად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ქართული ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობაზეც. აფხაზეთში ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა ბედიის მონასტერი, ილორის წმინდა გიორგის ეკლესია და ბიჭვინთის საკათედრო ტაძარი, მოციქულ სვიმონ კანანელის საფლავი სოფელ კამანში - არა მხოლოდ ქრისტიანული არქიტექტურისა და მემკვიდრეობის გამორჩეულ ნიმუშებს წარმოადგენს, არამედ ცოცხალ მოწმობასაც ქართული ქრისტიანული თემების მრავალსაუკუნოვანი არსებობისა ამ რეგიონში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, საკითხი მხოლოდ ისტორიული ძეგლების დაცვას არ ეხება და საუბარია ისტორიული მეხსიერების, სულიერი მემკვიდრეობისა და იდენტობის შენარჩუნებაზე.
როგორც საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ მხოლოდ პროტესტი და პოლიტიკური განცხადებები ხშირად საკმარისი არ არის ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად, რადგან დღესაც, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და ხანგრძლივი კონფლიქტებით დაზარალებულ ტერიტორიებზე, ქრისტიანი უმცირესობები დევნისა და რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის წინაშე დგანან.
„ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი პოლიტიკა და ინსტიტუტები, რომლებიც დაიცავენ რელიგიური და ეთნიკური იდენტობის უფლებებს, უზრუნველყოფენ მათ სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ხელს შეუწყობენ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის განმტკიცებას. ამავე დროს, ქრისტიანულ უმცირესობებს უნდა ჰქონდეთ რეალური და მნიშვნელოვანი ხმა საზოგადოებრივ დიალოგში და იმ გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესში, რომლებიც მათ მომავალს განსაზღვრავს.
ჩვენი საერთო მიზანია, სრულად გამოვიყენოთ საერთაშორისო სამართლებრივი და საპარლამენტო მექანიზმები ამ გამოწვევების დასაძლევად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლს, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულებით იქნა შემოღებული და რომელიც ევროკავშირსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ღია და რეგულარული დიალოგის სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის.
საქართველო მზად არის აქტიურად შეუწყოს ხელი ამ ძალისხმევას, საკუთარი ისტორიული გამოცდილებისა და ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულების საფუძველზე“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სხდომის დასასრულს, საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა ღონისძიებაზე განხილულ თემებზე რეზოლუცია მიიღეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge