
საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს
ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზიდენტმა დიდგორის ბრძოლას საქართველოს ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის გამორჩეული გამოვლინება უწოდა და ყურადღება გაამახვილა იმ პოლიტიკურ საფუძვლებზე, რომლებმაც 1121 წლის 12 აგვისტოს ისტორიული გამარჯვება შესაძლებელი გახადა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, დიდგორი არ ყოფილა შემთხვევითი სამხედრო წარმატება - ის ხანგრძლივი მზადების, შორსმჭვრეტელი დაგეგმარების, დისციპლინისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგი იყო.
„დიდგორი უპირველესად არის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევა. ეს არის სამაგალითო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოს ღირსეულმა სახელმწიფომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ერმა აჯობოს საკუთარ თავს და მიაღწიოს ისტორიულ გამარჯვებებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა პატივი მიაგო წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებლისა და დიდგორის ბრძოლაში მონაწილე გმირების ხსოვნას.
იმედი
წყარო: imedinews.ge