
პატივს მივაგებთ ჩვენი ეპოქის გამორჩეულ ქართველ მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავი და მარადიულია - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, შინდისის გმირების მემორიალთან მივიდა და ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
მიხეილ ყაველაშვილმა გმირების ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შინდისის გმირების თავდადება ქართველი ერის სულგაუტეხლობის მარადიული მაგალითია:
"დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი ეპოქის გამორჩეულ ქართველ მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს. თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს მათი ვაჟკაცობით, თავიანთი სულისკვეთებით, მებრძოლი სულით და დაანახეს ყველას, რომ ქართველი მებრძოლი სულგაუტეხელია და არასდროს შეეგუება საქართველოს თავისუფლების დაკარგვას.
ეს არის მაგალითი გმირობის, რომელიც მარადიულად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იამაყოს ამ ბიჭებით. სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავია და საქართველო მარადიულია. კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ სულებს და მათ სახელებს.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო, მე ვნახე ჩვენი შინდისის გმირების მშობლები და პირადად გადავუხადე მადლობა ასეთი ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის.
ჩვენ ნამდვილად გვეამაყება ამ ბიჭების გმირობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ყოველდღიურად უნდა ვგრძნობდეთ მათ გაკეთებულ საქმეს, რომ ჩვენს ყოფიერებაში, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ჩავუნერგოთ სწორედ ეს სულისკვეთება, რა სულისკვეთებითაც იბრძოდნენ და ცხოვრობდნენ ჩვენი შინდისის გმირები. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ყველას მუდამ ახსოვდეს მათი განხორციელებული საქმე და გმირობა,"- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge