
საქსონიაში გერმანიის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს
საქსონიაში 10 ათასმა ადამიანმა გერმანიის მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ფრიდრიხ მერცის მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნით აქცია დაახლოებით 65 000-იანი მოსახლეობის მქონე ქალაქ პლაუენში გაიმართა. აქციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა „ერთობა გერმანიისთვის/პროექტი მილიონი“.
პროტესტის მონაწილეები გერმანიის მთავრობას „კარტელს“ უწოდებდნენ, ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფების შემცირებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით 29-ევროიანი სამგზავრო აბონემენტის შემოღებასა და „ყველა მსჯავრდებულის, დამნაშავისა და არალეგალი მიგრანტის“ დაუყოვნებლივ დეპორტაციას ითხოვდნენ.
ღონისძიებაზე ჩანდა საქსონიის სამეფოს დროშები, რომლებსაც ხშირად იყენებს უკიდურესად მემარჯვენე პარტია „თავისუფალი საქსონელები“. „ალიანსმა დემოკრატიის, ტოლერანტობისა და სამოქალაქო სიმამაცისთვის“ განაცხადა, რომ მთავრობის კრიტიკა მემარჯვენე ექსტრემისტების ხელისუფლებაში მოსვლით არ უნდა დასრულდეს და თავის მხარდამჭერებს კონტრაქციისკენ მოუწოდა, რომელმაც, პოლიციის მონაცემებით, 400 ადამიანი შეკრიბა.
იმედი
წყარო: imedinews.ge