
შალვა პაპუაშვილი „კონრად ადენაუერის ფონდის“ საქართველოდან გასვლაზე: საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს მიზეზი, რატომაც გადიან. ფონდი აცხადებს, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდოდა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება. ეჭვი მეპარება გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში
საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს მიზეზი, რატომაც გადიან. ფონდი აცხადებს, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდოდა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება. ეჭვი მეპარება გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „კონრად ადენაუერის ფონდის“ საქართველოდან გასვლის შესახებ.
მისი თქმით, ფონდს საქართველოს მთავრობამ შესთავაზა, რომ განეხორციელებინა არა პოლიტიკური, არამედ საგანმანათლებლო და აკადემიური პროექტები, რასაც მოჰყვა მათი საპასუხო განცხადება საქართველოდან გასვლასთან დაკავშირებით.
„ცოტა უცნაური განცხადება იყო და საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს, ფაქტობრივად, მიზეზი, რატომაც გადიან. განცხადებაში ამბობენ, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მისია და ვინაიდან პოლიტიკური მისიის შესრულების შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომ აღარ უღირთ ქვეყანაში ყოფნა.
პოლიტიკური ფონდები გახლავთ პარტიებთან აფილირებული ფონდები. „კონრად ადენაუერის ფონდი“ გახლავთ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ აფილირებული ფონდი. შეგახსენებთ, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ არის IPP-ის წევრი და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიაა. ეს ფონდი აცხადებს, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდოდა საქართველოში. უცხო ქვეყნის პარტიებს და ფონდებს საქართველოში არანაირი პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ, მე მგონი. წარმოიდგინეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება. ეჭვი მეპარება გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში.
მათ მიმართეს მთავრობას და ვინაიდან სწორედ პოლიტიკური შინაარსის და მისიის პროექტები ჰქონდათ, მთავრობისგან მიიღეს წინადადება, რომ მოეცილებინათ პოლიტიკური ხასიათის პროექტები და თუ აკადემიური ან რაიმე სხვა პროექტის განხორციელება სურდათ, ამაზე თანხმობას მიიღებდნენ. მაგრამ მათ, როგორც ჩანს, არანაირი ინტერესი აკადემიური თუ სხვა სფეროების მიმართ არ აქვთ. ინტერესი, როგორც მათივე განცხადები გამოჩნდათ, ჰქონიათ პოლიტიკური მისიების განხორციელებაში და ამ პოლიტიკურ მისიას რომ ვერ ვახორციელებთ, ამიტომ გავდივართო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) გერმანული პოლიტიკური ფონდია და საქართველოში 2003 წლიდან მუშაობს. ფონდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ იძულებულია თბილისის ოფისი დახუროს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა იმას, რომ 2026 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ უარყო ფონდის განაცხადები მისი პროექტების გაგრძელების თაობაზე.
იმედი
წყარო: imedinews.ge