
შალვა პაპუაშვილი: „მხარს ვუჭერ ხალხს, მაგრამ არა მის ხელისუფლებას“ - სინამდვილეში, ასეთი განცხადება გულისხმობს, რომ ქალბატონი კალასის აზრით ქართველი ხალხი უუნაროა, თავად შეარჩიოს თავისი ხელისუფლება და ამიტომ გარედან მეურვეობა და კარნახი სჭირდება
ცუდია, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არაპროვოცირებულად, მოწმენდილ ცაზე კვლავ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სადაც არის თავდასხმა, იქ აუცილებლად იქნება პასუხიც. მისი თქმით, სამწუხაროდ, ის რომ ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი კვლავ ვერ ელევა იმ პოლიტიკურ პრაქტიკას, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან თანასწორი დიალოგის ნაცვლად მენტორული ტონით საუბარს ამჯობინებს.
„ცუდია, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არაპროვოცირებულად, მოწმენდილ ცაზე კვლავ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას. ასეთი რიტორიკა არა მხოლოდ არაფერს სძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, არამედ კიდევ უფრო აზიანებს ბრიუსელის მიმართ ისედაც შერყეულ ნდობას ქართული საზოგადოების თვალში.
თუმცა, სადაც არის თავდასხმა, იქ აუცილებლად იქნება პასუხიც.
პასუხი კი ის არის, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი კვლავ ვერ ელევა იმ პოლიტიკურ პრაქტიკას, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან თანასწორი დიალოგის ნაცვლად მენტორული ტონით საუბარს ამჯობინებს.
უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ფორმულა: "მხარს ვუჭერ ხალხს, მაგრამ არა მის ხელისუფლებას". სინამდვილეში, ასეთი განცხადება გულისხმობს, რომ ქალბატონი კალასის აზრით, ქართველი ხალხი უუნაროა, თავად შეარჩიოს თავისი ხელისუფლება და ამიტომ გარედან მეურვეობა და კარნახი სჭირდება. ეს არა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, არამედ მისი პოლიტიკური არჩევანის უპატივცემულობაა.
