
The Washington Post: უეფა შვეიცარიის სასამართლოში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელს ამზადებს
უეფა შვეიცარიის სასამართლოში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელს ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
უეფა მას სავარაუდო ფინანსურ დარღვევებსა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს, რაც მსოფლიო ჩემპიონატიდან მოსალოდნელი მოგების კერძო ინვესტორებზე გაყიდვის ჩაშლილ გეგმას უკავშირდება.
უეფას განცხადებით, ხუთშაბათს ორგანიზაციამ მენჰეტენის სასამართლოს მიმართა. უწყება ჯოშუა კუშნერის ნიუ-იორკული საინვესტიციო ფონდისგან - Thrive Capital Management-ისგან - დოკუმენტაციის ოფიციალურად გამოთხოვას ითხოვს.
უეფამ ფლორიდის სამხრეთ ოლქის სასამართლოსაც მიმართა. უწყება უცხოური სამართალწარმოების ფარგლებში მტკიცებულებების ოფიციალურად გამოთხოვის უფლებას უშუალოდ ფიფასგან ითხოვს, რომლის ოფისიც მაიამის გარეუბან კორალ-გეიბლსში მდებარეობს.
მთავარ ინვესტორებს - Thrive-სა და კუშნერს - ფიფასთვის 4.2 მილიარდი დოლარი უნდა გადაეხადათ იმ შვილობილი კომპანიის 20%-იანი წილის სანაცვლოდ, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი და ფეხბურთის მმართველი ორგანოს სხვა კომერციული პროექტები უნდა ემართა.
„უეფა და მისი იურისტები შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური მენეჯმენტის ბოროტად გამოყენების გამო, ინფანტინოსა და შესაძლოა ფიფას სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ შვეიცარიის სასამართლოში სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას განიხილავენ“, - აღნიშნავენ უეფას ადვოკატები 56-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც Associated Press-მა მოიპოვა.
დოკუმენტში გამოთქმულია ვარაუდი, რომ 4.2 მილიარდი დოლარის ღირებულება შესაძლოა ხელოვნურად, საბაზრო ფასზე დაბალ ნიშნულამდე ყოფილიყო დაწეული, რასაც ინფანტინო პირადი ინტერესების გამო უჭერდა მხარს.
იმედი
წყარო: imedinews.ge