
შალვა პაპუაშვილი ომის წლისთავის აღნიშვნის თარიღებზე: ეს არის სპეციალურად გარედან შემოგდებული საკითხები იმისთვის, რომ საზოგადოება ვერ შეთანხმდეს მთავარ საკითხებზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავის აღნიშვნის თარიღებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობას გამოეხმაურა.
როგორც პაპუაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს არის სპეციალურად გარედან შემოგდებული საკითხები იმისთვის, რომ საზოგადოება ვერ შეთანხმდეს მთავარ საკითხებზე.
პაპუაშვილის განცხადებით, მთავარი ის კი არ არის, როდის დაიწყო ომი, არამედ ის, თუ რატომ დაიწყო სამხედრო მოქმედებები.
„თარიღებით მანიპულაცია და ჟონგლიორობა ეს არის გამორჩეული ნიშა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს აგენტურა არის გამორჩეული. ეს იგივე ხაზია, რაც 7 იანვარი, თუ 25 დეკემბერი, 8 მაისი, თუ 9 მაისი, 7 აგვისტო, თუ 8 აგვისტო. ეს არის სპეციალურად, გარედან შემოგდებული საკითხები იმისთვის, რომ საზოგადოება ვერ შეთანხმდეს მთავარ საკითხებზეც კი, გადაფარონ მთავარი საკითხი, რაც სინამდვილეში აქ არის. აქ საკითხი იმაში კი არ არის, თუ როდის დაიწყო ომი, კითხვა არის ისაა, რატომ დაიწყო ომი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 2008 წელს ომი არ დაიწყებოდა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მსგავსი ძალა რომ ყოფილიყო.
„ეს ომი არ იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი და მაშინ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა. არ იქნებოდა ომი, ნგრევა, მსხვერპლი და თუ 2008 წლის ომი არ იქნებოდა, დიდი ალბათობით, არც უკრაინის ომი იქნებოდა. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც უნდათ რომ გაიქცნენ. მაშინ საქართველოს გახდა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ჭადრაკის დაფაზე გასაწირი პაიკი, რომელსაც თავისი ფუნქცია უნდა შეესრულებინა და ასეთი ფუნქცია დაგვაკისრეს მარიონეტული რეჟიმის სახით, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით დიდი გეოპოლიტიკური თამაშის გასაწირი პაიკი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge