
შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში
ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 11 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ტექნიკურ შეხვედრაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრულის გზა, საითაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს, როდესაც ევროკავშირი - მშვიდობის პროექტი - იქცა იარაღად სხვადასხვა ქვეყნების წინააღმდეგ.
"რაც შეეხება მარწყვს და სუვერენინეტს, ეს სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური პერიპეტიების მსგავსად გამოვიყენე და რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ეს ფრაზა ითქვა სომხეთში, რომ სომხეთის დამოუკიდებლობა არ იცვლება მარწყვზე, მაშინ გვახსოვს რადიკალური ოპოზიციის აღტკინება აქ, რამდენად სწორია, რამდენად გონივრულია ასეთი მიდგომა, თუმცა როდესაც იგივე დამოკიდებულება ესმით საკუთარ ქვეყანაში აქ იბნევიან, იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს შეუძლია ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკა გარე კარნახის გარეშე. ეს ამხელს უპირველეს ყოვლისა მათ საკუთარ დამოკიდებულებაში საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას უწოდებს.
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, აქ მგონია რომ ძალიან ნათელია რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრულის გზა, საითაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს, როდესაც ევროკავშირი - მშვიდობის პროექტი - იქცა იარაღად სხვადასხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში.
ახლა რასაც ეხება შეხვედრა, იცით რომ არის დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, სადაც სავიზო რეჟიმი არსებობს, სხვათაშორის არაერთხელ ვიყავი ამის შემდეგ ევროკავშირში, ვიზაც ავიღე, ასე რომ ტყუილად ნუ გვაშინებენ დრაკონული პროცედურებით. ეს გადაწყვეტილება როცა იქნა მიღებული მაშინ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ეს არის 2010 წლის შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. არანაირი საფუძველი იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დიპპასპორტებზე სავიზო რეჟიმის შემოღებისა არ არსებობდა, მაგრამ მათ თვითნებურად მიიღეს გადაწყვეტილება და საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვიეს. ორგანიზაციამ, რომელიც რუსეთს და სხვა ქვეყნებს ედავება საერთაშორისო სამართლის დარღვევას თავად უხეშად და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, იმისთვის რომ თავს დასხმოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაარღვია საერთაშორისო სამართალი. შემდეგ მიხვდნენ რომ ეს იყო დარღვევა და ამიტომ სპეციალურად საქართველოსთვის გამოიგონეს წესები იმისთვის, რომ მოეხდინათ ამ გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია. გამოიგონეს ის რაც არასდროს არ არსებობდა, პოლიტიკური კრიტერიუმები, თითქოს საზღვრის კვეთა რაიმე კავშირში იყოს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობასთან. სინამდვილეში ამაზე იქნება ხვალ საუბარი ტექნიკურ შეხვედრაზე, რატომ გაქვთ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, იმ ქვეყნებთან სადაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა. რა ვქნათ ჩავკეტოთ? მეორე, რატომ არ არის დაახლოებული თქვენი სასანქციო პოლიტიკა ევროკავშირთან, დაუწესეთ სანქციები რუსეთს, დაანგრიეთ თქვენი ქვეყანა, დაღუპეთ თქვენი ხალხი თუ გინდათ, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge