
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში საზეიმოდ აღინიშნება
26 მაისს საზეიმო ღონისძიებები მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში და ახალქალაქში - ცენტრალურ პარკში გაიმართება, - აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში, სადაც 11:00 საათიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე შეიკრიბება.
ადგილზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვით, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენებით, ანიმატორებითა და მასკოტებით, გასართობი სანახაობებით, შემეცნებითი გამოფენებით, სპორტული აქტივობებით, კონკურსებითა და სპექტაკლებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.
ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.
მოეწყობა თემატური ინსტალაციები, ფოტო-ზონები (26 მაისი, ეს დღე ჩვენია, საქართველოს სიყვარულით), პავილიონები და მოსასვენებელი სივრცეები. გიფერის აპარატთან ადგილობრივები შეძლებენ გადაიღონ და თან წაიღონ სამახსოვრო ფოტოები. მოსულ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ ყვავილების გვირგვინების მასტერკლასს.
შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რის შემდეგაც ადგილობრივი შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები კონცერტს გამართავენ.
„ღონისძიება კულმინაციას 17:10 საათსზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ახალქალაქსა და მარნეულში საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. პერფორმანსების თანხლებით ჰაერში ათასობით ჰელიუმის ბუშტი გაეშვება.
26 მაისის აღნიშვნა გალა კონცერტებით დასრულდება, სადაც სახელმწიფო ჰიმნთან ერთად, ყველასთვის ნაცნობ კომპოზიციებს შეასრულებენ ცნობილი მომღერლები და ანსამბლები“, - აცხადებენ აპარატში.
11:00 - ღონისძიების დასაწყისი
11:00 – 18:00 საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
11:00 – 18:00 ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა;
11:00 – 18:00 კვების სივრცე;
11:00 – 18:00 საბავშვო აქტივობები (ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი; სახის მოხატვა; ზღაპრის გმირები; შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, თამაშები);
12:00 - ადგილობრივი ხელისუფლების სიტყვით გამოსვლა;
12:30 - მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები და ზღაპრის გმირების გამოსვლა;
13:00 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
14:00 - საბავშვო ანიმაციური საცეკვაო თამაში/აქტივობა;
16:00 - მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები, ანიმაციური გმირების თანხლებით და საპნის ბუშტების შოუ;
17:10- საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი:
მარნეული - შაბან მამედოვი და ტრიო ბალადა;
ახალქალაქი - კვარტეტი უნისონი;
17:15 - გალა კონცერტი
იმედი
წყარო: imedinews.ge