
შსს დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დანაშაულზე ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსზე: ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც უწყების განცხადებაში აღნიშნული, დუშეთის მუნიციპალიტეტში მოხდარ დანშაულტან დაკავშირებით ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტს შეეხება. ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს. საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს: მიმდინარე წლის აპრილში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, პოლიციელებმა შეაჩერეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დანა.
აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მან დანაშაულის ჩადენა აღიარა. მის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიებები, იგი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ამოღებულ ცივ იარაღზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა და გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების მიმდინარეობისას, დაჭრის ფაქტიდან მეორე დღეს, დუშეთის პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა დაკავებული პირის ნაცნობი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული დანაშაული თავად ჩაიდინა. მან სამართალდამცველებს ასევე მიუთითა დანაშაულის ჩადენის იარაღის ადგილმდებარეობა.
აღნიშნული პირის მიმართაც დაიწყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაინიშნა საჭირო ექსპერტიზები. ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად თავდაპირველად დაკავებული პირი კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს. საქმეზე დანიშნულ ექსპერტიზებზე დასკვნები ივლისის თვეში იქნა მიღებული, კერძოდ: 1. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (მათ შორის, ცივი იარაღის კვლევა) - 09.07.2026; 2. მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა (ტანსაცმელი, მიკრონაწილაკები) - 07.07.2026; 3. დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - 03.07.2026. დანაშაულის ჩადენის იარაღზე - დანაზე - ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მეორე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
