
სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე: სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - განაცხადა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც სლოვაკეთი სხვადასხვა საგრანტო პროგრამით უჭერს მხარს.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრატისლავაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ისტორიული ვიზიტია ბრატისლავაში. მოხარული ვარ, რომ ეს არის ჩვენი დიალოგის გაგრძელება, რომელიც გასულ წელს ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში დავიწყეთ და რასაც აპრილში საქართველოს პრეზიდენტის ბრატისლავაში ვიზიტი მოჰყვა. მინდა, გაგიზიაროთ ჩვენი შეხვედრის ძირითადი ასპექტები. უპირველეს ყოვლისა, სლოვაკეთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვინაიდან დღეს ქვეყნების მთლიანობა ირღვევა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სლოვაკეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჩვენ შევხვდით, რათა გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ საპარლამენტო თანამშრომლობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რომლებიც კავშირში იქნებიან საქართველოს პარლამენტთან. წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლები - განათლების, სოციალური საკითხების, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით, რადგან ბევრი სფეროა, სადაც შეგვიძლია გამოცდილების გაცვლა, ასევე თემები, სადაც შეგვიძლია, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან“, - განაცხადა რიხარდ რაშიმ.
როგორც რიხარდ რაშიმ აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო საყრდენია.
„საქართველო არის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სატრანსპორტო გზა. შესაძლოა, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რომ გვჭირდება კონკრეტული ადგილები, საიდანაც ენერგორესურსებს მივიღებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, გვჭირდება უსაფრთხო სატრანსპორტო გზა. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს რესურსების დივერსიფიკაციის მიმართულებით, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რაც ხდება უკრაინის კონფლიქტსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველო დარჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო საყრდენად. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც სლოვაკეთი სხვადასხვა საგრანტო პროგრამით უჭერს მხარს. სლოვაკეთსა და საქართველოს შორის იქნება ერთმილიონიანი თანამშრომლობა. ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვანი და დინამიკურია არა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის წინა ვიზიტის გამო, არამედ იმის გამოც, რომ სხვადასხვა მინისტრმა უკვე მოინახულა სლოვაკეთი. ჩვენ შევქმენით სამთავრობათაშორისო კომისია თანამშრომლობისთვის. პირდაპირი საჰაერო მიმოსვლით სლოვაკეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო. ქართველებისთვისაც უფრო მარტივი გახდა სლოვაკეთში ჩასვლა. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამები ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთა გაფართოებასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, არსებობს დიდი პოტენციალი ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ვისაუბრეთ კულტურის სფეროში თანამშრომლობაზეც – ეს არის სფერო, სადაც ორივე ქვეყანას შეუძლია ერთმანეთისთვის კულტურის გაზიარება და წარმოჩენა. შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ახალგაზრდული მიმართულებითაც, ახალგაზრდულ პარლამენტებთან და იმ პროგრამებზე, რომლებსაც ვამზადებთ საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. ვიმედოვნებ, შევძლებთ თანამშრომლობის განვითარებას ისე, რომ სლოვაკ სტუდენტებს შევთავაზოთ საქართველოს პარლამენტის მუშაობის გაცნობა“, – განაცხადა რიხარდ რაშიმ.
