
თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით ოპონენტების სპეკულაციებზე: პროცესიდან გაქცევა ჩვენი წესი არ არის, მათი წესია. არ მოეწონათ არჩევნების შედეგები და პარლამენტიდან გაიქცნენ, კიდევ რაღაც არ მოეწონათ და არ გველაპარაკებიან. ეს მათი სტილია. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ იმ უფლებებისთვის, რაც ეკუთვნის სუვერენულ სახელმწიფოს
ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმ უფლებებისთვის, რაც ეკუთვნის სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც ნებაყოფლობით წევრიანდება სხვა საერთაშორისო გაერთიანებაში, - ასე ეხმაურება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპონენტების სპეკულაციებს თითქოს მარტა კოსის განცხადებაზე ხელისუფლების მწვავე რეაქცია იმის წინაპირობაა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის უკან გამოწვევას აპირებს.
როგორც „დღის ქრონიკასთან“ თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, პროცესებიდან გაქცევა რადიკალების ხელწერაა, საქართველოს ხელისუფლება კი იბრძოლებს სამართლიანობისთვის.
„პროცესიდან გაქცევა, ეს ჩვენი წესი არ არის, ეს მათი წესია. არ მოეწონათ საპარლამენტო არჩევნების შედეგები და პარლამენტიდან გაიქცნენ და არ შემოვიდნენ. კიდევ რაღაც არ მოეწონათ, არ გველაპარაკებიან. მერე ქართველ ხალხს არ ელაპარაკებიან, ეს მათი სტილია. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ და ასე არ ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩვენი უფლებების დასაცავად თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე. შეიძლება ამას რაღაც დრო დასჭირდეს, შეიძლება გართულდეს. იმის იმედიც გვაქვს, რომ მარტო არ ვიქნებით უფლებებისთვის ბრძოლაში, სხვებიც აიმაღლებენ ხმას და იტყვიან, რომ სუვერენიტეტის შემლახავი რეგულაციების მიღებას არ დავეთანხმებით და შევეცდებით მათ გადახედონ ამ თავის შეხედულებებს.
ეს გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის და ძალიან კარგია, რომ არ არის. თუ გავჩუმდებით და უხმოდ ვიქნებით, ისე მიიღებენ, რომ აღარც არაფერს გვკითხავენ არავის. ჩვენი კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს რა არის სუვერენიტეტი. რომ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. მაშინ ისინი, ვინც ჩვენი ოპონენტები არიან თქვან, რომ უარს ვამბობთ კონსტიტუციის ამ მუხლზე. ამბობენ უარს? ისინი მიჩვეულები არიან ზოგადად დეკლარირებას. მაშინ თქვან, რომ ჩვენი ხელისუფლება არასწორად იქცევა, მათ თვალები უნდა დახუჭონ და უარი უნდა თქვან, რომ საქართველოს პარლამენტმა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო ძირითადი მიმართულებები. ანუ ხმის უფლებაც არ დავიტოვოთ და მერე ვთქვათ, რომ კონსტიტუციის მიმდევრები ვართ?! იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ საერთაშორისო შეთანხმებებს შიდა კანონმდებლობაზე აქვს უპირატესი იურიდიული ძალა თუ ის არ ეწინააღმდეგება ჩვენს მოქმედ კონსტიტუციას. ეს არის აქ მთავარი. ამაზე ვამბობთ უარს?!
