
The Telegraph: ბერნემმა ლიდერობის პირველი რეალური გამოცდა ვერ ჩააბარა
ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა მთავრობაში მუშაობის პირველი კვირები ხალხისთვის მოსაწონი, თუმცა უფრო სიმბოლური ნაბიჯები გადადგა, რომლებსაც არსებითად არაფერი შეუცვლია. მაგრამ როდესაც თანამდებობის დაკავების შემდეგ ლიდერობის პირველი რეალური გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, პრემიერმა ის ვერ ჩააბარა, იუწყება The Telegraph-ი.
მას შემდეგ, რაც The Telegraph-მა გაარკვია, რომ პოლიციელი ენდრიუ ჰარპერის მკვლელობაში მსჯავრდებული ორი პირი ვადაზე ადრე გათავისუფლებას ექვემდებარებოდა, ბერნემს შეეძლო პოზიცია დაეკავებინა და მათი გათავისუფლება დაებლოკა. ამის ნაცვლად, ის ამ საკითხზე პოზიციას მუდმივად იცვლიდა და საკუთარი ჩავარდნის სხვებისთვის გადაბრალებას ცდილობდა.
თავდაპირველად მან ვადამდე გათავისუფლების პროგრამა შეაჩერა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ ის კვლავ ამოქმედდა ახალი დათქმით, რომ გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულები ციხეში დარჩებოდნენ. ბერნემი აცხადებდა, რომ მეტის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. ამ დროს პრემიერ-მინისტრი შვებულებაში იმყოფებოდა, მაშინ როცა საზოგადოებაში აღშფოთება იზრდებოდა იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად პოლიციელ ჰარპერის მკვლელები გათავისუფლდებოდნენ.
ახლა, როგორც გამოცემა იუწყება, პრემიერ-მინისტრი შვებულებიდან დაბრუნდა და, როგორც ამბობენ, სულ უფრო მეტად არის დარწმუნებული, რომ შესაძლებელია ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც პოლიციელის მკვლელებს ციხეში დატოვებს. თუმცა მას არ შეუძლია თქვას, კონკრეტულად რა იქნება ეს გამოსავალი ან რატომ გახდა ის, რაც ცოტა ხნის წინ შეუძლებლად მიაჩნდა, მოულოდნელად შესაძლებელი.
პოზიციების ასეთი თავბრუდამხვევი ცვლილება მტკიცე ლიდერობაზე ნამდვილად არ მეტყველებს. ამ ყველაფერმა მსხვერპლთა ოჯახებს აუტანელი ტვირთი დააკისრა. პოლიციელ ჰარპერის დედამ დები ადლამმა ამ გაურკვევლობაში ყოფნას „წამება“ უწოდა, წერს The Telegraph-ი.
პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნაცვლად, ბერნემმა პრობლემა ახალ იუსტიციის მინისტრ ალექს ნორისს გადააბარა და მას სექტემბრამდე გამოსავლის პოვნა დაავალა. ბერნემი ბრიტანეთს „ახალ პოლიტიკას“ დაჰპირდა, თუმცა ეს კარგად ნაცნობი მიდგომაა: მოითხოვო მოქმედება, თუ გამოსავალი გამოჩნდება, დამსახურება საკუთარ თავს მიაწერო, ხოლო თუ არაფერი გამოვა, დარწმუნდე, რომ მინისტრი მზად არის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად.
The Telegraph-ის ცნობით, მისასალმებელია, რომ ბერნემმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, პოლიციელ ჰარპერის მკვლელები ციხეში უნდა დარჩნენ. საგანგებო სამსახურების თანამშრომლების მკვლელობაში მსჯავრდებულ პირებს ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობა თავიდანვე არ უნდა ჰქონოდათ.
მაგრამ რას აპირებს მთავრობა? გეგმავს თუ არა ბერნემი გამონაკლისის დაწესებას ალბერტ ბაუერსისა და ჯესი კოულისთვის? თუ აპირებს ყველა იმ პირის პატიმრობაში დატოვებას, ვინც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის არის მსჯავრდებული? ასეთ შემთხვევაში კი ვადამდე გათავისუფლების პოლიტიკის არსებობის მთელი საფუძველი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, წერს გამოცემა.
The Telegraph-ი პარალელებს ბერნემის წინამორბედთან კირ სტარმერთან ავლენს.
„ეს ყველაფერი იმ კაცს გვახსენებს, რომელიც ბერნემმა დაუნინგ-სტრიტზე შეცვალა. პრემიერ-მინისტრობის დასაწყისში სერ კირ სტარმერმა რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია სოციალური დახმარების რეფორმასთან დაკავშირებით და შესაძლოა სწორედ ამის შემდეგ ვეღარ შეძლო ავტორიტეტის აღდგენა. ამის ნაცვლად, ის საკუთარი პოზიციის გადასარჩენად კოლეგებს არაერთხელ სწირავდა“, - აღნიშნულია სტატიაში.
ბერნემმა სერ კირის გამოცდილებიდან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს, წერს The Telegraph-ი.
იმედი
წყარო: imedinews.ge