
The Telegraph: ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი რუსეთს გემების დაპატიმრებაში ხელს ვერ შეუშლის
ბრიტანეთის ფლოტს არ აქვს საკმარისი საცეცხლე ძალა, რათა რუსეთს ბრიტანეთის სავაჭრო გემების დაპატიმრებაში ხელი შეუშალოს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანელი სამხედროები „ყველაზე მეტად“ რუსეთის მიერ ბრიტანული გემების შესაძლო დაკავებაზე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში არიან შეშფოთებული, რადგან ამ რეგიონში ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალების ყოფნა შეზღუდულია.
ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, „შეამოწმონ და დააკავონ“ ევროპული გემები, რაც სანქციებისთვის თავის არიდების საქმეში გამოყენებული რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერების წინააღმდეგ გაძლიერებული ზომების საპასუხოდ ხდება.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ბრიტანეთი შესაძლო სამიზნედ დაასახელა და განაცხადა, რომ მოსკოვმა მოიპოვა ინფორმაცია ბრიტანეთთან დაკავშირებული 27 გემის შესახებ, რომლებმაც იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარე სადავო კურილის კუნძულებთან ახლოს გაიარეს.
ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ადმირალმა ლორდ ვესტმა, განაცხადა, რომ ბრიტანული გემების უსაფრთხოებაზე შეშფოთებულია.
„ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალები სულ უფრო მცირდებოდა და მცირდებოდა და ახლა საკმარისი რაოდენობის გემები არ გვყავს, რათა გლობალური საზღვაო გადაზიდვების დაცვა შევძლოთ“, - განუცხადა ლორდ ვესტმა The Telegraph-ს.
ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ამჟამად მხოლოდ ორი საპატრულო გემი ჰყავს განლაგებული, რომელთა ამოცანაა რეგიონში ბრიტანული გემების დაცვა, წერს გამოცემა.
თუმცა, 295 ფუტის სიგრძის River-ის კლასის გემები HMS Tamar და HMS Spey რეგიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებთან შედარებით მსუბუქად არიან შეიარაღებული. აღნიშნულ რეგიონში რუსეთს ჰყავს კრეისერი „ვარიაგი“, რომელმაც ამ კვირაში კურილის კუნძულებთან მიმდინარე სამხედრო წვრთნებში მიიღო მონაწილეობა.
ბრიტანულმა გემებმა 2021 წელს პორტსმუთიდან შორეულ აღმოსავლეთში ხანგრძლივი მისიის შესასრულებლად აიღეს გეზი. იმ დროისთვის დაუნინგ-სტრიტი და სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა მიანიშნებდნენ, რომ რეგიონში ბრიტანეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერება სურდათ.
თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ლონდონს გეგმების გადახედვა აიძულა. სამხედრო-საზღვაო ძალებმა პრიორიტეტად ჩრდილოეთ ატლანტისა და არქტიკის უსაფრთხოება განსაზღვრეს, სადაც რუსეთის მხრიდან საფრთხე სულ უფრო იზრდება.
ამავდროულად, ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ბოლო პერიოდში, რამდენიმე Type 23-ის კლასის ფრეგატის ჩამოწერის შემდეგ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა. ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს ახლა ზღვის ზედა ფლოტში მხოლოდ ორი ავიამზიდი, ექვსი საესკადრო ნაღმოსანი და ხუთი ფრეგატი ჰყავს, აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან, ბრიტანეთის ატომური წყალქვეშა ნავების უმეტესობა, რომლებიც მოწინააღმდეგის ძებნა-განადგურების მისიებს ასრულებენ, მწყობრიდან არის გამოსული. ქვეყნის ოთხი Vanguard-ის კლასის წყალქვეშა ნავიდან, რომლებიც ბრიტანეთის ბირთვულ არსენალს ატარებენ, მხოლოდ ერთია საბრძოლო მორიგეობაზე.
ბრიტანეთის „კონსერვატიული“ პარტიის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, პუტინის მუქარაზე რეაგირებისთვის მთავრობას მოკავშირეებზე დაყრდნობა მოუწევს.
„პუტინის განცხადებებზე პირველი რეაგირება მოკავშირეებთან, მაგალითად, საფრანგეთთან თანამშრომლობა უნდა იყოს, რათა მთელ მსოფლიოში ტვირთი თანაბრად გავინაწილოთ და ესკორტისა თუ დაცვის მოვალეობები ერთობლივად შევასრულოთ“, - განუცხადა მან The Telegraph-ს.
ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა იაპონიისგან დახმარების თხოვნა იყოს, რადგან ევროპული რესურსები ამჟამად ატლანტის ოკეანის, არქტიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებს შორის არის გადანაწილებული.
იმედი
წყარო: imedinews.ge