
POLITICO: ზელენსკის აშშ-ში უკრაინის ახალი ელჩის კანდიდატურის შერჩევა უჭირს
ვოლოდიმირ ზელენსკის პრობლემა აქვს: ვაშინგტონში ყველაზე რთული თანამდებობის დაკავება არავის სურს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს უჭირს ისეთი გავლენიანი პირის პოვნა, რომელიც კიევს ტრამპის ადმინისტრაციასთან სათანადოდ წარმოადგენს. ორი ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსანი და ოთხი დეპუტატი POLITICO-თან საუბრისას აცხადებს, რომ პოტენციური კანდიდატები ომის კრიტიკულ ეტაპზე ამ რთული და დამღლელი მისიის საკუთარ თავზე აღებას ერიდებიან.
ვაშინგტონში უკრაინის წინა ელჩის ოლგა სტეფანიშინას შეცვლის აუცილებლობამ ხელი შეუწყო ზელენსკის მთავრობის ჯერ კიდევ დაუსრულებელი გადახალისების დაწყებას. სტეფანიშინა თანამდებობიდან ოფიციალურად 3 აგვისტოს გაათავისუფლეს, მის წინააღმდეგ კი სავარაუდო გაფლანგვის შესახებ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსანი და „რესპუბლიკელებთან“ დაახლოებული საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, რომელიც მთავრობის ცვლილების დეტალებს იცნობს, აცხადებენ, რომ ზელენსკიმ რეორგანიზაციის გეგმა დააჩქარა, რათა ელჩის თანამდებობა იულია სვირიდენკოსთვის, რომელიც იმ დროისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებდა, შეეთავაზებინა. თუმცა სვირიდენკომ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რამაც ზელენსკის გეგმები ჩაშალა.
„საიდუმლო არ არის, რომ იულია სვირიდენკოზე მქონდა გათვლა და მას შევთავაზე კიდეც აშშ-ში ელჩის თანამდებობა“, - განაცხადა ზელენსკიმ ივლისის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ის ეძებდა კანდიდატს მაქსიმალურად მაღალი კვალიფიკაციით - „პირს ვიცე-პრემიერის, მინისტრის ან პრემიერ-მინისტრის დონეზე“.
თუმცა მას შემდეგ სხვა პოტენციურმა კანდიდატებმაც იგივე თავშეკავება გამოიჩინეს და უარი თქვეს თანამდებობაზე, რომელიც ისედაც რთული მისიაა დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი თეთრი სახლის პირობებში.
უკრაინელები, რომლებსაც ელჩობისთვის საკმარისი პოლიტიკური წონა და პროფესიული უნარები აქვთ, ამ თანამდებობას სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან „შეშფოთებულნი არიან, რომ მათ არ ექნებათ ის პირობები, რომლებიც სამუშაოს სათანადოდ შესრულებისთვის სჭირდებათ“, - განაცხადა უკრაინის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ, რომელიც ზელენსკის პოლიტიკის ერთ-ერთი ცნობილი კრიტიკოსია და წარსულში ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.
მისი თქმით, ეს ზელენსკის არჩევანს მნიშვნელოვნად ზღუდავს. სავარაუდოდ, კანდიდატი პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი, მის უახლოეს გარემოცვაში მყოფი პირი უნდა იყოს, თუმცა კლიმპუშ-ცინცაძის შეფასებით, იქ არავინ არის, ვინც ამ თანამდებობისთვის სერიოზულად შესაფერისი კანდიდატია.
„იმის თქმა, რომ ამ თანამდებობის დაკავება არავის სურს, გარკვეულწილად ზედმეტად გამარტივებული შეფასება იქნებოდა. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც ეს თანამდებობა სურთ, მაგრამ არავინ არის, ვინც მას ნამდვილად შეესაბამება. ზელენსკის უჭირს ამ პოზიციის შევსება“, - განაცხადა ყოფილმა უკრაინელმა დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
ვაშინგტონში ელჩის დანიშვნის პრობლემა ზელენსკისთვის უფრო ფართო პრობლემის ნაწილია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დუმს. ზელენსკის რეიტინგი ბოლო პერიოდში გაუარესდა, მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი თვის წინ მთავრობის გადახალისება დაიწყო. პროცესი ჯერ არ დასრულებულა და საკმაოდ არეულად მიმდინარეობს, წერს გამოცემა.
სოციოლოგიური კვლევების ცენტრის Socis-ის გამოკითხვის თანახმად, უკრაინელთა 55%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ზელენსკის მიერ ივლისში პოპულარული თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის, თანამდებობიდან გათავისუფლებას ქუჩის საპროტესტო აქციები და პოლიტიკური უკმაყოფილება მოჰყვა, მაშინ როდესაც რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა კვლავ ვაკანტურია.
მთავრობის გადახალისებამ ასევე გააჩინა კითხვები იმის შესახებ, როგორ არჩევს ზელენსკი მაღალჩინოსნებს და რამდენად მზად არის, მისი ნდობით აღჭურვილი ვიწრო წრის მიღმა ეძებოს კანდიდატები.
„არავის აუხსნია უკრაინელებისთვის, რატომ გახდა საჭირო მთავრობის შეცვლა. სვირიდენკოს წინააღმდეგ საჯაროდ გამოთქმული მკაფიო პრეტენზიები არ არსებობდა. პარლამენტში გამოსამშვიდობებელ სიტყვას რომ წარმოთქვამდა, სვირიდენკოს დეპუტატებმა ტაში დაუკრეს და ფეხზე წამოუდგნენ. მაშ, რატომ გაათავისუფლეს, თუ მისი საქმიანობა ასე წარმატებულად და დადებითად ფასდებოდა?“, - განაცხადა ლვოვის ოლქიდან არჩეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და უკრაინული ტელეკომპანია Espreso TV-ის დამფუძნებელმა მიკოლა კნიაჟიცკიმ.
ელჩის ვაკანტური თანამდებობა კიევისთვის განსაკუთრებით რთულ მომენტში დარჩა ცარიელი. ვაშინგტონი კვლავ გადამწყვეტ როლს ასრულებს უკრაინის შესაძლებლობებში გააგრძელოს ომი, ხოლო ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს, მოუწევს ტრამპის ადმინისტრაციასთან მუშაობა, რომელმაც სამხედრო დახმარებასთან, ასევე ომის დასრულების გზებსა და ვადებთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ შეცვალა, აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge