
The Telegraph: რუსეთის ახალი რეაქტიული დრონები უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის პრობლემას წარმოადგენს
კიევი სულ უფრო ხშირად ხდება ახალი რუსული რეაქტიული დრონების თავდასხმების სამიზნე, რომლებიც 500 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებენ და უკრაინის საჰაერო თავდაცვას აიძულებენ, ძვირადღირებული რაკეტები გამოიყენონ, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ომის წლების განმავლობაში უკრაინის დედაქალაქის მცხოვრებლები შეეჩვივნენ ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონების პროპელერიანი ძრავებისთვის დამახასიათებელ ხმას. ახლა კი მათ სულ უფრო ხშირად ახლავს თან რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების ზუილი. ეს აპარატები წინა მოდელებთან შედარებით თითქმის სამჯერ სწრაფად დაფრინავენ და შეუძლიათ 50-დან 90 კილოგრამამდე მასის საბრძოლო ნაწილის გადატანა.
2 ივლისის ღამეს განხორციელებული მასირებული თავდასხმის დროს, რუსეთმა რეაქტიული „შაჰედების“ რეკორდული რაოდენობა გამოიყენა. დრონების გადაფრენის შემდეგ დედაქალაქი სარაკეტო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რომელიც განთიადამდე გაგრძელდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სრულმასშტაბური ომის ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინამ შექმნა საჰაერო თავდაცვის მრავალდონიანი სისტემა, რომელიც მოიცავს გამანადგურებელ დრონებს, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, მობილურ საცეცხლე ჯგუფებს, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებსა და ვერტმფრენებს. თუმცა, რუსულმა ახალმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ამ სისტემისთვის სერიოზული გამოწვევა შექმნეს.
უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, იური იგნატმა განმარტა, რომ ახალი დრონების სიჩქარე აღემატება უკრაინული ჩამჭრელი საშუალებების შესაძლებლობებს.
ბოლო თავდასხმის დროს რუსეთის მიერ გაშვებული 496 უპილოტო საფრენი აპარატიდან, მხოლოდ 30-მდე იყო რეაქტიული, თუმცა ცალკეული უკრაინელი დამკვირვებლები მათ რაოდენობას ასზე მეტად აფასებენ. ამასთან, უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ ასეთი დრონების წილის ზრდა ხდის კომბინირებულ სარაკეტო დარტყმებს უფრო ეფექტურს.
იმედი
წყარო: imedinews.ge