
The Wall Street Journal: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა, შავ ზღვაში არა რუსულ ხომალდებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინული მხარე გააფრთხილა, შავ ზღვაში არა რუსულ სანავთობო ტანკერებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს მას შემდეგ მიმართა, რაც უმსხვილესმა ამერიკულმა სანავთობო კომპანია Chevron-მა აშშ-ის ხელისუფლებას სთხოვა, რომ კიევზე ზეწოლა მოეხდინა, რადგან ხშირ შემთხვევაში შავ ზღვაში თავდასხმა ხდება იმ ტანკერებზე, რომლებსაც ამერიკული ენერგოგიგანტის ნედლი ნავთობი გადააქვთ.
გამოცემის ცნობით, Chevron-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ უირტმა ამ კვირის დასაწყისში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა, რათა განეხილა, როგორ უნდა დაიცვას ამერიკულმა ნავთობკომპანიამ ყაზახეთში თავისი მასშტაბური ოპერაციები უკრაინა-რუსეთის ომის შესაძლო გავლენისგან.
ბოლო პერიოდში უკრაინული დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად ნოვოროსიისკთან, შავ ზღვაში ოთხ ტანკერს დაარტყეს, მათ შორის ერთს, რომელიც Chevron-ს ჰქონდა დაქირავებული. ნოვოროსიისკი რუსეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავთობის საექსპორტო პორტია და იმ მილსადენის საბოლოო პუნქტს წარმოადგენს, რომლის ნაწილობრივ მფლობელიც Chevron-ია. აღნიშნული მილსადენი მსოფლიო ყოველდღიური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 2%-ს უზრუნველყოფს, წერს გამოცემა.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, თავდასხმის შემდეგ მილსადენით ნავთობის დატვირთვა შეიზღუდა, რის გამოც ყაზახეთს ნავთობის მოპოვების შემცირება მოუწია, რადგან ქვეყანას ნედლი ნავთობის შესანახად საკმარისი სიმძლავრე არ გააჩნია.
Chevron-ი კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) 15%-იან წილს ფლობს. მილსადენი ყაზახეთის სამი მსხვილი ნავთობისა და გაზის საბადოდან მოპოვებულ ნედლ ნავთობს ქვეყნის მთიანი რეგიონების გავლით რუსეთში, შემდეგ კი შავი ზღვის სანაპირომდე გადააქვს.
