
The Wall Street Journal: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა, შავ ზღვაში არარუსულ ხომალდებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინული მხარე გააფრთხილა, შავ ზღვაში არარუსულ სანავთობო ტანკერებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინულ მხარეს მას შემდეგ მიმართა, რაც უმსხვილესმა ამერიკულმა სანავთობო კომპანია Chevron-მა აშშ-ის ხელისუფლებას სთხოვა, რომ კიევზე ზეწოლა მოეხდინა, რადგან ხშირ შემთხვევაში შავ ზღვაში თავდასხმა ხდება იმ ტანკერებზე, რომლებსაც ამერიკული ენერგოგიგანტის ნედლი ნავთობი გადააქვთ.
გამოცემის ცნობით, Chevron-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ უირტმა ამ კვირის დასაწყისში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა, რათა განეხილა, როგორ უნდა დაიცვას ამერიკულმა ნავთობკომპანიამ ყაზახეთში თავისი მასშტაბური ოპერაციები უკრაინა-რუსეთის ომის შესაძლო გავლენისგან.
ბოლო პერიოდში უკრაინული დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად ნოვოროსიისკთან, შავ ზღვაში ოთხ ტანკერს დაარტყეს, მათ შორის ერთს, რომელიც Chevron-ს ჰქონდა დაქირავებული. ნოვოროსიისკი რუსეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავთობის საექსპორტო პორტია და იმ მილსადენის საბოლოო პუნქტს წარმოადგენს, რომლის ნაწილობრივ მფლობელიც Chevron-ია. აღნიშნული მილსადენი მსოფლიო ყოველდღიური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 2%-ს უზრუნველყოფს, წერს გამოცემა.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, თავდასხმის შემდეგ მილსადენით ნავთობის დატვირთვა შეიზღუდა, რის გამოც ყაზახეთს ნავთობის მოპოვების შემცირება მოუწია, რადგან ქვეყანას ნედლი ნავთობის შესანახად საკმარისი სიმძლავრე არ გააჩნია.
Chevron-ი კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) 15%-იან წილს ფლობს. მილსადენი ყაზახეთის სამი მსხვილი ნავთობისა და გაზის საბადოდან მოპოვებულ ნედლ ნავთობს ქვეყნის მთიანი რეგიონების გავლით რუსეთში, შემდეგ კი შავი ზღვის სანაპირომდე გადააქვს.
კომპანიისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აქტივია ტენგიზის საბადო, რომლის 50%-ს Chevron-ი ფლობს. ეს საბადო კომპანიის ყველაზე პროდუქტიული პროექტია და მისი გლობალური ნავთობის მოპოვების დაახლოებით 12%-ს უზრუნველყოფს. ბოლო წლებში Chevron-მა ტენგიზის განვითარების გაფართოებაში ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
მიუხედავად იმისა, რომ არც მილსადენი და არც საბადოები დაზიანებული არ არის, ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ექსპორტის შეფერხება დიდხანს გაგრძელდება, კომპანიას ტენგიზში ნავთობის მოპოვების შემცირება მოუწევს, რაც რეგიონიდან მიღებულ მნიშვნელოვან ფულად ნაკადებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
იმედი
წყარო: imedinews.ge