
თორნიკე ჭეიშვილი ევროპარლამენტარ ბრეიზას განცხადებაზე: სად იყვნენ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტი და ევრობიუროკრატია მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის დროს ადამიანთა წამებას მართლაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. მაშინ არ კეთდებოდა მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები
სად იყვნენ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტი და ევრობიუროკრატია მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის დროს ადამიანთა წამებას მართლაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. მაშინ არ კეთდებოდა მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტოს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მან ასე შეაფასა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას განცხადება, რომ სამართალდამცველები აქციების „პროევროპელ“ მონაწილეებს სჯიან იმის გამო, რომ ისინი ევროპულ მომავალს ითხოვენ, თუმცა, როგორც ცნობილია, ფაქტი 2022 წელს მოხდა.
„სისტემურობაზე მინდა, ვთქვა, რომ ეს არის დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებებით - პირდაპირ ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული ახალგაზრდებზე ქუჩებში, პენიტენციური სისტემა წამების ინსტრუმენტად იყო ქცეული.
ასევე, რაც შეეხება ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს - ვიცით, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ამ დანაშაულებრივი ქმედების მონაწილეთა მხრიდან ათეულობით აღიარება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დიახ, ისინი მონაწილეობდნენ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. თუმცა, ევროპარლამენტის და ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია არავითარი განცხადება - დაგმობა თუ გამიჯვნა იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც 2025 წლის 4 ოქტომბერს განვითარდა. მეტიც, ჩვენ არაერთი იმგვარი განცხადების მომსწრენი გავხდით, რომელიც პირიქით - ცეცხლზე ნავთს ასხამდა და ცდილობდა, რომ ამ ქმედებების წახალისება მომხდარიყო.

