
თორნიკე ფაღავა ჩერგოლეიშვილსა და ჟორჟოლიანზე: ერთმანეთში ერევათ კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამის ნახვები და პოლიტიკური რეიტინგები, საქმე გვაქვს სრულ დილეტანტიზმთან და დილეტანტებთან
ერთმანეთში ერევათ კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამის ნახვები და პოლიტიკური რეიტინგები, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ თამარ ჩერგოლეიშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის ფეისბუკ-ნახვების საკითხზე დაპირისპირების შეფასებისას.
ფაღავას თქმით, საქმე გვაქვს სრულ დილეტანტიზმთან.
„ძალიან არასერიოზულია მათ რეიტინგებზე და პროფესიონალიზმზე საუბარი. ერთმანეთში ერევათ კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამის ნახვები და პოლიტიკური რეიტინგები. აქედან გამომდინარე, საქმე გვაქვს სრულ დილეტანტიზმთან და დილეტანტებთან, რომლებიც წარმოგვიდგინეს, რომ თითქოს, ისინი არიან პოლიტიკური კრიზისმენეჯერები. მათ თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს. ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. კრიზისმენეჯერს, ქალბატონ ნანუკა ჟორჟოლიანს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტიკური თვალსაზრისით საყოველთაო სიძულვილის ობიექტი მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენია, ყველაფერზე მეტყველებს და პირველ რიგში მის პოლიტიკურ ალღოზე“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.
ნანუკა ჟორჟოლიანი და თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე” განთავსებული კონტენტის ნახვების რაოდენობაზე ერთმანეთს საჯაროდ აკრიტიკებენ და შეურაცხყოფენ. პარალელურად, ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის, როგორც „ნაცმოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატად წარმოჩინებას ცდილობს და ამბობს, რომ ამ განწყობებს ამომრჩევლებთან ტესტავს.
იმედი
წყარო: imedinews.ge