
ტრამპის განცხადებით, აშშ ევროპას იმ შეიარაღების ღირებულების დაბრუნებას მოსთხოვს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ მოკავშირეებს უსასყიდლოდ გადასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშინგტონი ევროპას იმ შეიარაღების ღირებულების დაბრუნებას მოსთხოვს, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოკავშირეებს უსასყიდლოდ გადასცა.
ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ს შეიარაღების შეუზღუდავი რაოდენობა აქვს. ამერიკა ახალ იარაღს უპრეცედენტო მასშტაბებით აწარმოებს და თავისთვის იტოვებს, ხოლო გაყიდვები პარტნიორებისთვის მალე განახლდება.
„იმ მოღალატე ნაძირლებისთვის, რომლებიც ირანში ჩვენი სამხედრო ოპერაციის შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე უარს ამბობენ, მინდა განვაცხადო: ჩვენ პრაქტიკულად შეუზღუდავი რაოდენობით გვაქვს საშუალო და მაღალი ხარისხის საბრძოლო მასალა - გაცილებით მეტი, ვიდრე ამ ოპერაციისთვის ან ნებისმიერი სხვა ომისთვის ოდესმე დაგვჭირდება (რაც, დიდი ალბათობით, საერთოდ არ მოხდება). ამასთან, ჩვენ საბრძოლო მასალას უპრეცედენტო მასშტაბით ვაწარმოებთ. ვქმნით მარაგებს და ვემზადებით ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის.
ამ საბრძოლო მასალას ახლა ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ვინახავთ და სხვებზე აღარ ვყიდით, თუმცა მოკავშირეებისთვის მისი გაყიდვა მალე კვლავ განახლდება.
ასევე, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა გადასცა სრულიად უფასოდ, ვიდრე ჩვენ ირანში ამ დრომდე გამოგვიყენებია. უკრაინასა და ნატოს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება უფასოდ გადაეცა - თანხა, რომლის გადახდაც ევროპას მოუწევდა, მათთვის რომ უბრალოდ ეთხოვათ. თუმცა ჩვენ ამ თანხის დაბრუნებას მოვითხოვთ, მართალია, გარკვეული დაგვიანებით!“ - დაწერა ტრამპმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge