
ზაზა ლომინაძე: გაოცებას ვერ ვმალავ „გახარია-საქართველოსთვის“ გუნდის გამონათქვამებით, თქვენი გამოსვლა იყო ამორალური, სრულიად გახვედით საექიმო და საპარლამენტო ჩარჩოებიდან, ამას არც ოპოზიცია ჰქვია
მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით არის დასნეულებული, მაგრამ, სამწუხაროდ, გაოცებას ვერ ვმალავ "გახარია-საქართველოსთვის" გუნდის გამონათქვამებით, ასეთი არ მოგვსწრებია პარლამენტში უკვე მეორე მოწვევაა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ, ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე განაცხადა.
როგორც ლომინაძემ აღნიშნა, "გახარიას" გუნდის წევრს, ქეთევან ბაკარაძეს, ჰიპოკრატეს ფიცი დაავიწყდა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლით, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც კოლეგებს, ისე დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს. ის ასევე დაინტერესდა, როგორც ხელმძღვანელობდა გახარიას გუნდის წევრი 8 წლის მანძილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს და განმარტა, რომ ბაკარაძემ, როგორც ექიმმა, უნდა იცოდეს, რას ნიშნავს გენეტიკური დაავადება და მედიკამენტი, რომელიც მის სამკურნალოდ არის გამოგონებული.
"ოპოზიციას ალბათ ეგონა, რომ მიხეილ სარჯველაძე რამეს არ უპასუხებდა, არ გაჩერდებოდა ბოლომდე, ან შეეშინდებოდა, ან უკან დაიხევდა. არა - ვინც ვიცნობთ მიხეილ სარჯველაძეს ამდენი წელია, ვიცით, თუ ვინ არის, რა წესიერი და პატიოსანი ადამიანია.
მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით არის დასნეულებული, მაგრამ, სამწუხაროდ, გაოცებას ვერ ვმალავ "გახარია-საქართველოსთვის" გუნდის გამონათქვამებით, ასეთი არ მოგვსწრებია პარლამენტში უკვე მეორე მოწვევაა. ქალბატონო ქეთევან, თქვენ ჰიპოკრატეს ფიცი დაგავიწყდათ? იქ წერია არ ავნოო, არა მარტო პაციენტებს, არამედ, სხვასაც არ ავნოო. თქვენ, თქვენი გამოსვლით, შეურაცხყოფა მოგვაყენეთ თითოეულ ჩვენგანს, მინისტრს, იმ ბავშვებს მიაყენეთ შეურაცხყოფა. ეს იყო ამორალური. ჰიპოკრატემ თქვა, "არ ავნო" - თქვენ დაგავიწყდათ, სრულიად გახვედით საექიმო ჩარჩოებიდან, სრულიად გახვედით საპარლამენტო ჩარჩოებიდან. ამას არც ოპოზიცია ჰქვია. ასე არ საუბრობენ იმ სენსიტიურ თემაზე, რომელსაც დიუშენით დაავადებული ბავშვები ჰქვია, არ საუბრობენ ასე ჯანდაცვაზე, რომელშიც, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ნახეთ რა გავაკეთეთ ქვეყანაში - რამდენი იშვიათი დაავადების დაფინანსებას ვაკეთებთ აქ, ჩვენს გუნდთან, სამინისტროსთან ერთად. მხოლოდ ჯანდაცვის ბიუჯეტი 10-ჯერ გაიზარდა, 5-ჯერ გაიზარდა მთლიანად სამინისტროსი იმისათვის, რომ თქვენ არ ილაპარაკოთ ასე. თქვენ 8 წელი როგორ ხელმძღვანელობდით აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს? თქვენ თუ ასე ფიქრობდით მაშინ, რასაც ახლა ფიქრობთ და ამბობთ, მართლა ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. ძალიან ცუდია ქალბატონო ქეთევან. ჯანდაცვის კომიტეტში სამი წლის წინ შევქმენით ფსიქიატრიის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ოპოზიციონერი "ნაციონალური მოძრაობიდან" - ერთი სიტყვა არ უთქვამს ზედმეტი, არნახული პრეცედენტი დავუშვით, ხელმძღვანელობდა და რაზე ვსაუბრობდით იცით? რა გავაკეთოთ, რით დავეხმაროთ იმ უმძიმეს პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ჩვენს ქვეყანაში ამა თუ იმ ფსიქიკური დაავადებით. თქვენ როგორ გვესაუბრებით? იცით, რომ დღეს, მსოფლიოში მიმდინარეობს 12 ათასზე მეტი საერთაშორისო კვლევა, რომელიც დიუშენის სინდრომს ეხება? იცით, რომ 31 ოქტომბერს დამთავრდება ევროპაში კვლევა, რომელიც "ეგზონ სკიპინგს" ეხება და მისი შედეგები დაიდება? იცით, რომ პირველი შედეგები უკან, ექსპერიმენტულ ნაწილში დაბრუნდა? მეტსაც გეტყვით, თქვენ, ისევე როგორც მე, როგორც ექიმმა, უნდა იცოდეთ, რას ნიშნავს გენეტიკური დაავადება და მედიკამენტი, რომელიც მის სამკურნალოდ არის გამოგონებული," - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
