
ზელენსკი: მტერს შვებულება არ აუღია - რუსებმა ესკალაციის ახალი გზა იპოვეს და ტემპის დაგდებას არ გეგმავენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში განხორციელებული რუსული თავდასხმების შედეგად ზიანი 13 ოლქში დაფიქსირდა.
„რუსებმა ესკალაციის ახალი გზა იპოვეს და ტემპის დაგდებას არ გეგმავენ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
„ოდესაში, სადაც დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, შესაბამისი სამსახურები მუშაობას განაგრძობენ. ცნობილია 17 დაშავებულის შესახებ, მათ შორის სამი ბავშვია. გრძელდება დარტყმის შედეგების ლიკვიდაცია ობუხოვისა და ბორისპოლის რაიონებში. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მეხანძრე-მაშველები ფარმაცევტული კომპანიის საწყობში ხანძარს ებრძვიან. იერიშები განხორციელდა ნიკოპოლზე, ხერსონზე, სუმზე, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკიზე. საერთო ჯამში, ამ ღამით ნგრევა 13 ოლქში დაფიქსირდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, ბევრ ქალაქსა და თემში განგაშის სიგნალი პრაქტიკულად არ წყდება რუსული რეაქტიული დრონების საფრთხის გამო.
„მტერს შვებულება არ აუღია - რუსებმა ესკალაციის ახალი გზა იპოვეს და ტემპის დაგდებას არ გეგმავენ. საჭიროა რეაგირებისა და წინააღმდეგობის გაძლიერება, ევროპელ მწარმოებლებთან თანამშრომლობის დაჩქარება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა პარტნიორებთან ერთად ყოველდღიურად მუშაობს თავდაცვის ახალ პაკეტებზე.
იმედი
წყარო: imedinews.ge