
ზვიად შალამბერიძე: დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო გაღრმავდება ჩვენსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და გადავა იმ ურთიერთობაზე, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია, ევროკავშირს მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და რიტორიკის შემცირება საქართველოს მიმართ
დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო გაღრმავდება ჩვენსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და გადავა იმ ურთიერთობაზე, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია, ევროკავშირს მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და რიტორიკის შემცირება საქართველოს მიმართ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ.
მისი თქმით, ევროკავშირში გამეფებული ბიუროკრატიის გათვალისწინებით გადაწყვეტილებები რთულად და დაგვიანებით მიიღება.
„ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ, თუ რამდენად არის ბიუროკრატია გამეფებული ევროკავშირში, როგორც ევროსაბჭოში, ასევე ევროპარლამენტში და რამდენად რთულად ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რეზოლუციების მიღება, დაგვიანებით. მიიღებენ რეზოლუციას რაღაც გარკვეულ საკითხზე, რომელიც მოხდა შეიძლება შარშან ან შარშანწინ და რეალურად ეს სტრუქტურა დღევანდელი დღის მიმართ ადეკვატური არ არის. ერთადერთი, რაზეც ვითომ სწრაფად რეაგირებენ, არის რუსეთ-უკრაინის ომი. შეგახსენებთ, რამდენი ხანია მიდის ლაპარაკი 90 მილიარდის გადაცემასა და დამტკიცებაზე უკრაინისთვის. ბოლო-ბოლო დაამტკიცეს, მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, რამდენი თვის განმავლობაში მიდიოდა ამაზე საუბარი, რომ როგორმე გაეკეთებინათ, მიეცათ - არ მიეცათ თუ სხვა. იმ 90 მილიარდიდანაც ჯერჯერობით 10% მისცეს. ანუ ნებისმიერი საკითხი ევროკავშირის სტრუქტურებში ბიუროკრატიულად ძალიან იწელება. აქედან გამომდინარე, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამერიკის ნაბიჯებს მათი ნაბიჯებიც მიჰყვება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო გაღრმავდება ჩვენსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და გადავა იმ ურთიერთობაზე, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია, ევროკავშირს მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და რიტორიკის შემცირება საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
