"სად უნდა ვიაროთ ადამიანებმა?! - ქუთაისი, შერვაშიძის ქუჩის ტროტუარები
ქუთაისი, შერვაშიძის ქუჩაზე მიმდინარე და დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს.
"ინფო იმერეთს" ადგილობრივები ფოტოებს უგზავნიან, რომელიც შერვაშიძის ქუჩაზე არსებულ მძიმე რეალობას ასახავს.
როგორც ირკვევა, ტროტუარების მოწყობა დაიწყეს, თუმცა სამუშაოები უცნაურად მიატოვეს. შედეგად, ფეხით მოსიარულეთა ზონა სრულად წყლითა და ტალახით არის დაფარული.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული ხარვეზების გამო, იძულებული არიან, სავალ საავტომობილო გზაზე იმოძრაონ.
ადგილობრივების თქმით, ეს ყოველდღიურ რისკთან არის დაკავშირებული და გზაზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევების საშიშროებაც, რადგან ქვეითები და მანქანები ერთ სივრცეში მოძრაობენ.
მოსახლეობა მოუწოდებს შესაბამის უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ დროულად დაასრულონ დაწყებული სამუშაოები და უზრუნველყონ ქუჩაზე უსაფრთხო გადაადგილება.
