თერჯოლაში კაცს, რომელმაც მამა მოკლა და სახლში ხანძარი გააჩინა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ოფიციალურად ბრალდება წარუდგინა. დაკავებულს თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთა ემუქრება.
უწყების შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა პატიმრობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ნოემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში, კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით მამას დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა სახლში ხანძარი გააჩინა.
სამართალდამცველებმა ის იმავე დღეს დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
