ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2026
როდის გახდება ცნობილი გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვაზე - მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის გაწელვაზე
ევროკავშირის ახალი წესი და რეაქციები თბილისში - რას ითვალისწინებს 10-წლიანი გამოსაცდელი პერიოდი
რა მასშტაბის ესკალაციას ელის მერცი რუსეთისგან - “ევროპელებმა მკაფიო ზღვარი უნდა დავადგინოთ”
როდის გახდება ცნობილი გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვაზე - მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის გაწელვაზე
“საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ “ქართული ოცნების” სარჩელის განხილვა, რომელიც 21 ოქტომბერს დაიწყო, უკვე 18 სხდომას მოიცავს. თითქმის ერთთვიანი განხილვის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთის მიმართ არაერთი პრეტენზია და შუამდგომლობა დააყენეს, სხდომები კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, რამდენიმე წარმომადგენელი კი დარბაზიდან გააძევეს. პროცესში რამდენიმე პაუზა იყო, არსებითი განხილვის სხდომები 2026 წლის 30 ოქტომბრის სხდომის დასრულების შემდეგ შეჩერდა და 10 ნოემბერს განახლდა - ეს ათდღიანი პაუზა სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციისა და საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზებას უკავშირდებოდა. მორიგი სხდომა 24 ნოემბერს გაიმართა, თუმცა, განხილვა მოსამართლე გიორგი მოდებაძის მამის გარდაცვალების გამო გადაიდო. სასამართლოს ინფორმაციით, პროცესი 30 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ვარაუდობს, რომ განაჩენი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 20-25 დეკემბრისთვის გამოცხადდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როდის გახდება ცნობილი გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვაზე - მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის გაწელვაზე.
“მე მგონი, პროცესი დიდხანს არ გაიწელება, იქედან გამომდინარე, რომ ძირითადი ფაქტები ასე თუ ისე უკვე წარმოდგენილი იქნა. ფაქტები რად უნდათ ფაქტები, საზოგადოებამ იმ დანაშაულების შესახებ ყველაფერი ძალიან მკაფიოდ იცის, რასაც წლების განმავლობაში კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” ატარებდა. ვფიქრობ, ალბათ სადღაც 20-25 დეკემბრისათვის უკვე განაჩენი გამოცხადდება და არ მგონია 2027 წლისკენ გადაიწიოს”,- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას ამ ეტაპზე არ მიიღებს, რადგან ამას შესაძლოა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე დამატებითი პრობლემები მოჰყვეს. მისი შეფასებით, ხელისუფლება პროცესის გაჭიანურებას შეეცდება, ხოლო პარტიების აკრძალვამ შესაძლოა საზოგადოებრივი უკმაყოფილება და ძალოვან სტრუქტურებში შიდა წინააღმდეგობები გააძლიეროს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩემი აზრით, “ქართული ოცნებისთვის” ახლა ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება მაინცდამაინც მომგებიანი არ იქნება. არავინ იცის გარკვეული დროის შემდეგ მსოფლიო როგორ დალაგდება, ვგულისხმობ უკრაინის ომსა და ირანის მოვლენებს. დღეს საგარეო ფაქტორები ისეთი გაურკვეველია, რომ “ოცნებისთვის” კარდინალური გადაწყვეტილების მიღება მაინცდამაინც მომგებიანი არ იქნება და ზოგადად შეეცდება, რომ პროცესი რაც შეიძლება გაწელოს - ძალიან მალე წინასაახალწლო სეზონი დაიწყება, შემდეგ ახალი წელი და ვფიქრობ, რომ მომავალი წლისთვის რაღაც შეიძლება გამოიკვეთოს, მაგრამ, დღეს ჯერჯერობით არა მგონია, რომ სასწრაფო გადაწყვეტილება მიიღოს. ახლა “ქართული ოცნების” საზოგადოებრივი მხარდაჭერა იმდენად შესუსტებულია და შერყეული, რომ პარტიების აკრძალვა-არაკრძალვა მხარდაჭერაზე არ იქონიებს გავლენას, მაგრამ ზოგად სურათზე იმოქმედებს, იმიტომ, რომ “ოცნების” საყრდენს დღეს საზოგადოება კი არა, ძალოვანი სტრუქტურები წარმოადგენენ. ძალოვან სტრუქტურებში ჩვეულებრივი ადამიანები მსახურობენ, რომლებსაც საზოგადოებრივი განწყობა მშვენივრად ესმით”, - განმარტავს კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“შესაძლოა, ახლა ამ პარტიების აკრძალვას ქუჩაში დიდი ვნებათაღელვა და დიდი პროტესტები არ მოყვეს, მაგრამ საზოგადოებას გააღიზიანებს და ეს იმოქმედებს, დავუშვათ იმ ძალოვანი სტრუქტურების რიგითებზეც. ნელ-ნელა მაინც დაიწყება კოროზიული პროცესი ძალოვან სისტემაში, როგორც ყოველთვის ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ხდება ხოლმე, როგორც მოხდა 2012-ში, 2003-ში - აი ეს პროცესი დაიწყება. ეს “ქართული ოცნებისთვის” ამ ეტაპზე მაინცდამაინც მომგებიანი არაა. მეორეს მხრივ, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ყველაფერი სტრასბურგში წავა. “ოცნებას” სტრასბურგთან ისედაც პრობლემები აქვს და კიდევ ახალი პრობლემების დამატება ნამდვილად არ სჭირდება, ამ ეტაპზე მაინც”, - განაგრძობს ძაბირაძე.
“პარტიების აკრძალვა ფაქტიურად “ქართული ოცნების” ვა-ბანკზე წასვლას ნიშნავს დემოკრატიულ პროცესებთან მიმართებაში. ეს იმის განაცხადია, რომ ჩვენ დემოკრატიაზე აღარც ვფიქრობთ და ფაქტიურად ერთპარტიულ სისტემას ვაყალიბებთო, ამიტომ ამისთვის მზად არაა. მგონია, რომ აკრძალვის გადაწყვეტილებას “ქართული ოცნება” ამ ეტაპზე არ მიიღებს. თუ რაღაც პრობლემები შეექმნა, შეიძლება მხოლოდ ერთი, “ნაციონალური მოძრაობა” აკრძალოს და ისიც იმ იმედით, თუ დარწმუნებული იქნება, რომ ენმ-ს ამომრჩეველი სწორედ ენმ-სთან დაახლოებულ პარტიებზე გადანაწილდება. აი ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც გამოსავალი ნახოს “ქართულმა ოცნებამ”. სხვა შემთხვევაში არ მგონია, რომ რაღაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს”, - დაასკვნის რესპონდენტი.
ევროკავშირის ახალი წესი და რეაქციები თბილისში - რას ითვალისწინებს 10-წლიანი გამოსაცდელი პერიოდი
“ევროკავშირის გაფართოების პროცესში ახალი წესების შემოღება საქართველოში პოლიტიკური შეფასებების საგანი ხდება. ხელისუფლება 10-წლიან გამოსაცდელ ვადას ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებად აფასებს და ევროპულ ბიუროკრატიას აკრიტიკებს, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ახალი მექანიზმი კანდიდატი ქვეყნებისთვის დემოკრატიული და ეკონომიკური სტანდარტების დაცვის დამატებითი გარანტიაა. ევროკავშირის ელჩებმა ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას მხარი დაუჭირეს. ინიციატივის მიხედვით, ამ დროის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვევს და “ორბანის სტილის” დარღვევები გამოვლინდება, შესაძლოა ხმის მიცემის უფლება შეუჩერდეს. პროცესი მონტენეგროთი დაიწყება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახალი მექანიზმი ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას კი არა, კავშირის დემოკრატიული პრინციპებისა და გადაწყვეტილებების დაცვის მცდელობას წარმოადგენს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაშო სათაურით ევროკავშირის ახალი წესი და რეაქციები თბილისში - რას ითვალისწინებს 10-წლიანი გამოსაცდელი პერიოდი.
“მათი განმარტებით, 10-წლიანი პერიოდი კანდიდატ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების დონე გააუმჯობესონ და ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელ სტანდარტებს მიუახლოვდნენ. ხელისუფლებაში კი მიიჩნევენ, რომ ხმის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ეწინააღმდეგება და შესაძლოა, ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცეს. “ევრონიუსის” ინფორმაციით, 10-წლიან პერიოდში, “ორბანის სტილის” დარღვევების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ახალი წევრებისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერება. მოსალოდნელია, რომ მომავალი კვირის დასაწყისში მხარეები ხელშეკრულების შესაბამისი ნაწილის პროექტთან დაკავშირებით პირველ ტექნიკურ განხილვას გამართავენ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ გაწევრიანების პროცესში ახალი მექანიზმების შემოღება სუვერენიტეტის შეზღუდვას არ ნიშნავს. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი კანდიდატი ქვეყნებისთვის დემოკრატიული და ეკონომიკური სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და ევროკავშირის გადაწყვეტილებების დაბლოკვის პრევენციას ემსახურება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს სუვერენიტეტის შელახვა არანაირად არაა, პირიქით. ევროკავშირი ერთის მხრივ ეს დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობა, მეორეს მხრივ კი, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების კავშირია. იქ კონსენსუსია საჭირო, ასევე ქვეყანა დემოკრატიულ და ეკონომიკურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. 10-წლიანი პერიოდი იმიტომაა, რომ კონკრეტულმა ქვეყნებმა - ბალკანეთის ქვეყნებმა, საქართველომ, მოლდოვამ, სადაც ცხოვრების დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროკავშირში, ამაზე იმუშაონ. “ორბანის სტილის” დარღვევებს რაც შეეხება, მოგეხსენებათ ორბანის დროს უნგრეთმა დემოკრატიული განვითარების გზას გადაუხვია, მეტწილად რუსეთიდან იყო მართული. ამასთან, ორბანს ახასიათებდა მმართველობის ავტორიტარული სტილი, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ბლოკავდა და ამის პრევენციისთვის შემოიღეს ეს მექანიზმი. ეს არანაირად არ აუფასურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, პირიქით, სასურველია რომ ქვეყანას შესაბამისი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების დონე ჰქონდეს და ასევე უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი თვლის, რომ ევროკავშირის მიერ ახალი მექანიზმის შემოღება თანასწორუფლებიანობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისი შეფასებით, ეს დიქტატისა და კარნახის ფორმაა, რომელიც ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყნებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხმის უფლების გარეშე ტოვებს. “ჩვენმა პარტიამ, “ერთიანი ნეიტრალური მოძრაობა”, ძლიერი განცხადება გამოაქვეყნა ამასთან დაკავშირებით, სადაც მკვეთრადაა ნათქვამი, რომ ეს მექანიზმი კატეგორიულად მიუღებელია და იმ პრინციპებს არღვევს, რაც თავის დროზე ევროკავშირში იყო, რომ ყველა ყოფილიყო თანასწორუფლებიანი”... - ამბობს მამრაძე. მისივე თქმით, ახლა ევროკავშირი გადასულია ეკონომიკური და სოციალური სტაგნაციის ფაზაში, რაზედაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები წერენ, საიდანაც არანაირი გამოსავალი არ ჩანს. მამრაძის დასკვნით, “ამ დეგრადაციის და სტაგნაციის ფონზე ასეთი რაღაცის შემოღება აშკარა დისკრედიტაციაა - შემოხვალ იმ პირობით, რომ ხმა არ გექნება კაი ხანი და დაგაკვირდებით, ეს უკვე დიქტატი და კარნახია, ყოვლად მიუღებელია”, - დასძენს გამოცემა.
რა მასშტაბის ესკალაციას ელის მერცი რუსეთისგან - “ევროპელებმა მკაფიო ზღვარი უნდა დავადგინოთ”
“გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთი ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების მიზანმიმართულ ესკალაციაში დაადანაშაულა. ბუნდესტაგში 2027 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მან განაცხადა, რომ მოსკოვის ამბიციები უკრაინის საზღვრებს სცდება და ევროპამ რუსეთს მკაფიო საზღვრები უნდა დაუწესოს. “რუსეთმა ზუსტად იცის რა სურს. მას უკრაინაზე მეტი რამ სურს. ვინც ამას ვერ ხვდება, სამყაროს ვერ აღიქვამს ისეთად, როგორიც არის, ან სრულიად განსხვავებული მიზანი აქვს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და ლიბერალურ ღირებულებებს”, - განაცხადა მერცმა. ბუნდესტაგის ტრიბუნიდან გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა რუსეთის აგრესიული ქმედებების კონკრეტული მიმართულებები დაასახელა და აღნიშნა, რომ ესკალაცია ერთდროულად რამდენიმე რეგიონსა და სფეროს მოიცავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა მასშტაბის ესკალაციას ელის მერცი რუსეთისგან - “ევროპელებმა მკაფიო ზღვარი უნდა დავადგინოთ”.
“რუსეთი ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც კი. ის მასშტაბურ ესკალაციას ახდენს ჩვენს საზღვრებშიც, ადამიანების სიცოცხლის ფასადაც კი. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროპელებმა რუსეთისთვის მკაფიო ზღვარი უნდა დავადგინოთ”, - თქვა კანცლერმა, რომლის თქმით, არსებული ვითარება ევროპისგან გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს, რათა მოსკოვს “ამ სიტყვის ყველა გაგებით” საკუთარი საზღვრები აჩვენონ. კოსმოსში არსებულ საფრთხეებზე საუბრისას მერცმა ყურადღება გაამახვილა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც მოსკოვი ორბიტაზე ბირთვული ანტისატელიტური იარაღის განთავსებას გეგმავს. მანამდე, 23 ნოემბერს, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, მერცმა ამ ცნობებს “შოკისმომგვრელი” უწოდა და დასძინა, რომ ეს აჩვენებს, თუ რა დონის ესკალაციისთვის არის მზად რუსეთი. გერმანიის კანცლერის რიტორიკას წინ უძღოდა უსაფრთხოების კუთხით გამწვავებული ვითარება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, მერცმა მოსკოვს “საშიში პროვოკაციების” დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა და ვარშავას სრული სოლიდარობა გამოუცხად”, - აღნიშნავს გამოცემა.
“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაც ჩაინიშნა. იმავე, 23 ნოემბრის პრესკონფერეციზე მერცმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ერთობლივად დაგმეს ბოლოდროინდელი ინციდენტები ესტონეთში, ფინეთსა და პოლონეთში. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს არც ერთი წევრი არ არის დაინტერესებული ბალტიის ზღვის რეგიონში ესკალაციით. “ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რაც ასევე გულისხმობს კოსმოსში ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სამხედრო სფეროში ჩვენ მუდმივად ვაფასებთ შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს და საჭიროების შემთხვევაში მათ განვაახლებთ”, - აღნიშნა რუტემ. ბუნდესტაგში გამოსვლა მერცმა იმის დასასაბუთებლად გამოიყენა, თუ რატომ სჭირდება გერმანიას თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება”, - განაგრძობს გამოცემა.
“პროექტის მიხედვით, 2027 წელს გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტი 139.4 მილიარდ ევრომდე იზრდება, რაც 31.2 მილიარდი ევროთი აღემატება 2026 წლის მაჩვენებელს. ქვეყნის შიგნით ამ პოლიტიკას ეწინააღმდეგება როგორც ულტრამემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის”, ასევე, “მემარცხენე პარტია”. 22 სექტემბერს პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” ბუნდესტაგს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების შეწყვეტას, ასევე, მისი ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. მოსკოვს მერცის ბოლო განცხადებებზე ოფიციალური კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია, თუმცა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის მატარებელი თანამგზავრის გაშვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებზე დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა: “ჩვენ ეს ცნობები არ გვინახავს, თუმცა ისინი შეიცავს იმდენ დათქმას, რომ, ცხადია, მათ სერიოზულად აღქმა ძნელია”, - დასძენს გამოცემა.
