პაატა დავითაია - თურქეთის ელჩი საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ! თურქებს ჰქონდათ ბანერები, სადაც აჭარა თურქეთის ნაწილად იყო მითითებული, ყვიროდნენ: „მეომრები თურქეთისთვის!“ ეს გულშემატკივრობა კი არა, ჩვენი სუვერენიტეტის უპატივცემულობაა - ასე ხდება, როცა სუსტი ხარ!
მძიმე მოვლენები განვითარდა. სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედება ადეკვატური იყო. ვფიქრობ, რომ უფრო მკაცრი მოქმედება უნდა ყოფილიყო, რადგან თურქული მხარის ქმედებები იყო არაადეკვატური და აგრესიული. საერთოდ, ასეთ ქმედებებს ჰიბრიდულად იყენებს ის, რომელ სახელმწიფოსაც ეს სურს - ნათლად ჩანს, რომ ეს პროვოკაციული მოქმედებები იყო, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა, რითაც ბათუმის სტადიონზე, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშისა“ გულშემატკივრებსა და ქართველ სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.
როგორც დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ის, როგორც თურქი გულშემატკივრები იქცეოდნენ, აგრესიის გამოხატვა და საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობაა.
„ჩვენ ვნახეთ მყისიერი რეაქცია თურქეთის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან, ნათლად ჩანს, რომ ეს პროვოკაციული მოქმედებები იყო. ჩვენ დავინახეთ ბანერები, სადაც აჭარა თურქეთის ნაწილად იყო განხილული და ამაზე ხდებოდა განცხადებები, რომ „ჩვენ ვართ ჯარის წარმომადგენლები“, აქციაზე ყვიროდნენ - „მეომრები თურქეთისთვის!“ - ეს გულშემატკივრობა არ არის, ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ აგრესიის გამოხატვა და ჩვენი სუვერენიტეტის უპატივცემულობაა.
ეს იმიტომ ხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველას მიმართ დათმობითი პოლიტიკა აქვს. მეზობლები ხედავენ, რომ [საქართველო] რუსეთს უთმობს, რომელმაც საქართველო დაიპყრო და ოკუპაცია მოახდინა. თურქეთსაც აქვს ამბიციები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ზოგ შემთხვევაში, არაჯანსაღი ამბიციები. ამის გამოვლინებაა თურქეთის პარლამენტში აფხაზებთან დათბობის თემა. რაც არ უნდა იძახონ, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივს სცემენ და აღიარებენ, თურქულ პარლამენტს საკუთარი თავისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცა. ეს პრინციპული საკითხია, ეს მანამდეც შეეძლოთ გაეკეთებინათ, მაგრამ არ ხორციელდებოდა, რადგან აქედან მკაცრი რეაქციები მოჰყვებოდა.
ახლა მთავარი მომენტია თუ ვინ გასცა ნებართვა, როდესაც სხვა ქვეყნებმა უარი თქვეს ამ მატჩის ჩატარებაზე და რატომ გადაწყდა აქ ამ მატჩის ჩატარება? თუ საქართველოზე იყო გადაწყვეტილება მიღებული, თავისუფლად შეეძლოთ, ეს თბილისში ჩატარებულიყო და ამხელა რეაქცია ვერ იქნებოდა. აქცია ვიხილეთ. თურქეთის პარლამენტის სპიკერის განცხადებაც მოვისმინეთ, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებსო. რა ფორმით აპირებენ მოქალაქეების დაცვას? ჯარის შემოყვანას აპირებენ? - ვუტრირებ, მაგრამ განცხადებებში ეს ყველაფერი იკვეთება. ამიტომ უნდა გაეცეს პასუხი, თუ ვინ გადაწყვიტა ბათუმში მატჩის ჩატარება. თურქეთის რეაქცია ჰიბრიდული მიდგომაა“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
პაატა დავითაიას თქმითვე, თურქეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ორგანიზებული ქმედება მიმდინარეობს. მისივე თქმით, მათ დანაშაული ჩაიდინეს, რადგან მათი ქმედებები როგორც სუვერენიტეტისა და საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი, ისე პროვოკაციული იყო.
„როცა შენ სუსტი ხარ, ყველა ცდილობს შენს დაჩაგვრას, მით უმეტეს ასეთ არეულ მსოფლიოში. ჩვენს სამეზობლოში თითქმის ყველას გარკვეული პრეტენზიები გააჩნია ჩვენს ტერიტორიებზე, თურქეთიდან დაწყებული, რუსეთით დასრულებული. როდესაც შენ ძლიერი ხარ და სახელმწიფო ინტერესებით მოქმედებ, ვერავინ გიბედავს ამას. როდესაც თურქეთის პარლამენტში აფხაზეთზე და ურთიერთობების აღდგენაზე საუბრობენ, შენ კი ჩუმად ხარ, არ იბარებ თურქეთის ელჩს, ამაზე პროტესტს არ გამოხატავ და მკაცრ პოზიციას არ აფიქსირებ, რა თქმა უნდა, ის ძლიერდება და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
თურქეთის საზოგადოების მოღვაწეებმა, ყველამ, განცხადებების კეთება დაიწყეს. ეს ორგანიზებული მიდგომაა. ამიტომ შერბილება კი არ უნდა იყოს, არამედ თურქეთის ელჩი დაბარებული უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დანაშაულები ჩაიდინეს მათ, მათი გამოსვლები იყო როგორც სუვერენიტეტისა და საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი, ისე პროვოკაციული“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა ასევე 19 ნოემბერს, მინსკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის შეხვედრაც შეაფასა. მისი თქმით, რუსეთთან სამართლებრივი ჩარჩოს გარეშე დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მიმდინარეობს.
„რეალურად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ხდება სამართლებრივი ჩარჩოს გარეშე. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არის დოკუმენტზე ხელმოწერა და ამას ქართული მხარე ვერ აწერს ხელს, რადგან მაშინ უნდა აღიაროს სამი საელჩო საქართველოს ტერიტორიაზე - სოხუმში, ცხინვალსა და თბილისში. როდესაც შეხვედრა დროშების ფონზე იმართება და თემებია განსაზღვრული, ეს არის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. როდესაც ზურაბაშვილი პრემიერის რწმუნებულად დაინიშნა, ეს პრობლემა არ იყო, მტერსაც უნდა ელაპარაკო, დიალოგის წინააღმდეგი არავინ არის. მაგრამ როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და როცა ორი მინისტრის მოადგილის დონეზეა შეხვედრა - რა თქმა უნდა, ამას ოკუპანტი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. კარასინი და აბაშიძე ერთმანეთს სასტუმროს „ლობში“ ხვდებოდნენ.
კარასინი-აბაშიძის შეხვედრა ფინჯან ყავაზე მიმდინარეობდა. დღეს ორი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა ხდება და პროტოკოლირება არ მიმდინარეობს, ჩვენ არ ვიცით, რაზე საუბრობენ. ერთი კვირის შემდეგ გავიგეთ, რომ დაძაბულობა იყო. ჭორები ვრცელდებოდა, რომ ქართული მხარისთვის, გალუზინის ქმედებები დამამცირებელი იყო. ყველაფერს როცა უთმობ, ის უფრო აგრესიულად რომ მოგიდგება, ამაზე უნდა იყოს გაკვირვებული ზურაბაშვილი? მან რა მესიჯი გაავრცელა? - რომ ისეთ რაღაცას სთხოვდნენ, რომ „რომც გავაკეთოთ ეს, ოპოზიცია დაგვამხობსო!“ ამ ყველაფრის ფონზე კი კრემლის კლოუნი ფიფია აკეთებს განცხადებას, რომ ზურაბაშვილი „ნუ ებლატავება“ გალუზინს, ეს რას ჰგავს? რაც არ უნდა ოპონირებაში ვიყო ხელისუფლებასთან, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა და არ მინდა, სუსტი იყოს და ვიღაც ამცირებდეს“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
მისივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ინსტიტუციური მიდგომა არ აქვს.
„არ გვაქვს არანაირი სისტემატიზაცია. რუსეთის ფედერაცია ამას სისტემურად, მკაცრ ფორმებში უდგება თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს კი ვსაუბრობთ, რომ ხვალ მოსკოვში შესაძლოა შევხვდეთ. როგორ წარმოგიდგენიათ - გალუზინი, რომელიც აბუ-დაბის მოლაპარაკებების წევრია, უკრაინასთან მოლაპარაკებებშია ჩართული და ღიად აფიქსირებს უკრაინის ტერიტორიების ანექსიურ მომენტებს, რომელიც 2024 წელს გამოვიდა განცხადებით, რომ ჟენევის ფორმატი უნდა გაუქმდეს ან მინსკში გადავიდეს, ეს არის საქართველოსთან მომლაპარაკებელი პირი და ის აქედან, ვინმეს რბილად დაელაპარეკბა? თურქეთმაც დაინახა, რაც ხდება და გადავიდა თავის ქმედებებზე. უარესიც იქნება მეზობლების მხრიდან, თუ ჩვენ პოზიციებს არ დავაფიქსირებთ“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
