27 ნოემბრიდან 40 დღიანი საშობაო მარხვა იწყება
27 ნოემბრიდან საშობაო მარხვა იწყება.
.მარხვა 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 იანვარს, უფლის შობას დასრულდება.
ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზის მიღება შეეძლებათ.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური.
საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“.
