29 ნოემბერს, ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
ესპანეთში ხვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის საბინაო დახმარების პაკეტის ჩაგდებას მოჰყვა.
დღეს ქვეყანაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია.
ამომრჩევლები დეპუტატთა კონგრესის 350 წევრს ირჩევენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად 176 მანდატის მოპოვებაა საჭირო.
გამოკითხვებში ალბერტო ნუნიეს ფეიხოს „სახალხო პარტია“ ლიდერობს. თუმცა, პროგნოზირებენ, რომ უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს. სავარაუდოდ, მეორე ადგილზე გავა პედრო სანჩესის „სოციალისტური პარტია“, რომელიც უკვე რვა წელია, ხელისუფლებაშია და ამჟამად მთავარ აქცენტს საცხოვრებლის ხელმისაწვდომობასა და ქალთა უფლებებზე აკეთებს.
პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი აქვს სანტიაგო აბასკალის ულტრამემარჯვენე „ვოქსს“, რომელიც ანტიმიგრაციული რიტორიკით არის ცნობილი.
არჩევნები შედეგები გადაწყვეტს ესპანეთის შიდაპოლიტიკურ კურსს საბინაო კრიზისისა და მაღალი პოლარიზაციის ფონზე, ასევე შეცვლის ძალთა ბალანსს ევროპაში, სადაც „სოციალ-დემოკრატი“ ლიდერების პოზიციები ისედაც შესუსტებულია და საფრანგეთის არჩევნებიც ახლოვდება.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება. ეგზიტპოლის შედეგები ცნობილი 23 საათიდან გახდება, პირველადი ოფიციალური მონაცემები კი 30 ნოემბრის დადგომისთანავე გამოქვეყნდება.
