გივი მიქანაძე: ჰონკონგის უნივერსიტეტთან თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევის დამსახურებაა, მისი შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ
ჰონკონგის უნივერსიტეტთან ისტორიული თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა, მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გივი მიქანაძის თქმით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების ნიჭიერ ახალგაზრდებს და საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს.
„უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია ჩვენი განათლების პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ ყოველთვის გამორჩეულ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებაზე, წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების და ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. დღეს მინდა, საზოგადოებას ამ მიმართულებით მნიშვნელოვან სიახლეზე გავუზიარო ინფორმაცია.
ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ პრესტიჟულ ჰონკონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლოესი კვლევის თანახმად, ნომერ პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიო რეიტინგში მეთერთმეტე ადგილს იკავებს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს. ამ ისტორიული თანამშროლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა. მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.
გრძელვადიანი და მდგრადი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, დაგეგმილია ჰონკონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმება. ორივე მხარის მაღალი ინტერესისა და თანამშრომლობის მზაობის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება, საქართველოდან წარდგენილი განაცხადები უნივერისტეტმა განსხვავებულ ვადებში განიხილოს. შესაბამისად, მონაწილეებისთვის იმოქმედებს გარკვეული შეღავათები. საკონკურსო განაცხადის წარდგენას საგამონაკლისო წესით წელსვე შეეძლებათ. კერძოდ, ახალი ინიციატივა წელს მხოლოდ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შეეხება, შემდეგი წლიდან კი მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები შეძლებენ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
