"დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის" - პედაგოგების სერტიფიცირება დებატების ტექნიკაში
2026 წლის 28 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში (მის.: თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა N28) გაიმართა იმ პედაგოგების სერტიფიცირება, რომლებმაც პროექტის „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში დებატების სწავლების მეთოდოლოგიაში სპეციალური გადამზადების პროგრამა წარმატებით გაიარეს.
პროექტს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი ახორციელებს.
გადამზადების პროგრამა მოიცავდა დებატების ტექნიკისა და სწავლების მეთოდოლოგიის შესწავლას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დებატების მეთოდების პროფესიული განათლების სპეციფიკასთან ადაპტირებას და მათ სხვადასხვა საგნობრივ კონტექსტში გამოყენებას. პროგრამის მიზანი იყო პედაგოგებისთვის იმ ცოდნისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარება, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, დებატების მეთოდოლოგია გამოიყენონ როგორც დამოუკიდებელი აქტივობის სახით, ისე სხვადასხვა საგნის სწავლების პროცესში.
გადამზადების დასრულების შემდეგ პროექტის მომდევნო ეტაპი პედაგოგების პრაქტიკული საქმიანობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. შემდგომ ეტაპზე პროექტის გუნდი დააკვირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში დებატების მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესს, გამოავლენს პედაგოგების წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათ შესაბამის პრაქტიკულ რეკომენდაციებსა და მხარდაჭერას შესთავაზებს. ამასთანავე, დაგეგმილია მასტერკლასებისა და სადემონსტრაციო გაკვეთილების ჩატარება, რაც პედაგოგებს მიღებული ცოდნის სასწავლო პროცესში გამოყენებისა და კონკრეტული საგნების საჭიროებებზე მორგების შესაძლებლობას მისცემს.
პროექტი „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ 2025-26 სასწავლო წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი 10 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გააერთიანა. 2026-27 სასწავლო წელს ინიციატივა ახალ ეტაპზე გადადის და მონაწილე დაწესებულებების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა პროფესიულ განათლებაში დებატების სწავლების მდგრადი პრაქტიკის ჩამოყალიბება, რაც პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება პროექტის დასრულების შემდეგაც დამოუკიდებლად გამოიყენონ და განავითარონ.
