FT: ინგლისში დრონებით თავს დაესხნენ ბაზას, სადაც აშშ-ის სამხედროები არიან განთავსებულნი
დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ავიაბაზა RAF Lakenheath-ზე, საფოლკის საგრაფოში, დაახლოებით ექვსი დრონის თავდასხმის გამო, განგაშის რეჟიმი Charlie გამოცხადდა, რაც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კლასიფიკაციით საფრთხის სიდიდით მეორე დონეა. მომხდარის დეტალები Financial Times-მა (FT) გაავრცელა.
ბაზაზე 48-ე გამანადგურებელი ფრთაა დისლოცირებული. ეს არის აშშ-ის მიერ ევროპაში გამოყენებული უდიდესი საჰაერო ბაზა, სადაც თითქმის 7 000 სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული.
ინციდენტის დროს ამოქმედდა უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის ამერიკული სისტემები, თუმცა თავდასხმის მოგერიების შემდეგ დრონების აღმოჩენა ვერ მოხერხდა.
აქედან გამომდინარე, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებები ვერ გამორიცხავენ, რომ დრონებზე დამაგრებული ყოფილიყო იარაღი, ჯაშუშური აპარატურა ან სხვა აღჭურვილობა.
თავდასხმასთან კავშირში ირანია ეჭვმიტანილი, თუმცა თეირანი მომხდარში მონაწილეობას უარყოფს.
აღნიშნული ინციდენტი ერთ-ერთია უსაფრთხოების სფეროში წელს მომხდარ იმ შემთხვევათა სერიიდან, რომლებიც აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ გამოყენებულ ბრიტანულ ბაზებზე დაფიქსირდა.
ლონდონი 470 მილიონ ფუნტ სტერლინგს (562 მილიონ ევროს) მიმართავს სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების გასაძლიერებლად, რაც მოიცავს დაცვის, სათვალთვალო სისტემებისა და დრონების საწინააღმდეგო საშუალებების გაუმჯობესებას.
ტელეკომპანია Sky News-ის ცნობით, სამეფო საჰაერო ძალებს თვითმფრინავების ნაწილი ღამით ანგარებში გადაჰყავს, ხოლო სხვა დაუცველი საფრენი აპარატების გარშემო დრონებისგან დამცავი ბადეების დამონტაჟებას გეგმავს.
