Temu-ზე საქონელი ზედმეტად იაფია: რატომ მიიჩნევა აზერბაიჯანში დაბალი ფასები კანონდარღვევად?
აზერბაიჯანში Temu-ს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება
აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებულმა ანტიმონოპოლიური კონტროლისა და სამომხმარებლო ბაზრის ზედამხედველობის სახელმწიფო სააგენტომ, ჩინური ონლაინსავაჭრო პლატფორმა Temu-ს საქმიანობის შესწავლა დაასრულა.
სააგენტოს მიერ 25 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პლატფორმის მფლობელი კომპანია PDD Holdings-ის საქმიანობაში აზერბაიჯანის კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის ნიშნები გამოვლინდა.
საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად სპეციალური კომისია შეიქმნა. თუმცა სააგენტოს პრეტენზიები ანტიმონოპოლიური გამოძიებისთვის უჩვეულოა.
Temu-ს ზედმეტად მაღალი ფასების კი არა, პირიქით, მეტისმეტად დაბალი ფასებით ვაჭრობის გამო ედავებიან – მათ შორის, საქონლის თვითღირებულებაზე იაფად გაყიდვას. ამის ფონზე ჩნდება კითხვა:
ვის ინტერესებს იცავს სახელმწიფო, როდესაც დაბალი ფასების წინააღმდეგ გამოდის – მყიდველებისას თუ ადგილობრივი გამყიდველებისას?
როდის იქცევა დაბალი ფასი კანონდარღვევად?
სააგენტომ გამოძიების დაწყების შესახებ ივლისის შუა რიცხვებში გამოაცხადა. მაშინ უწყებამ განმარტა, რომ გამოძიების საფუძველი „შემოსული მიმართვა“ გახდა. ვინ წარადგინა საჩივარი, უცნობია.
სააგენტო კონკურენციის კოდექსის სამ მუხლს ეყრდნობა, რომელთაგან თითოეული ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ეხება:
16.2.1: მონოპოლიურად დაბალი ან მონოპოლიურად მაღალი ფასების დაწესება; 16.2.7: ისეთი დაბალი ფასების დაწესება, რომლებიც კონკურენციას ზღუდავს ან კონკურენტებს საქმიანობის მდგრადი მომგებიანობის შენარჩუნების საშუალებას არ აძლევს; 16.2.8: საქონლის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა ეკონომიკური ან ტექნოლოგიური დასაბუთების გარეშე.
ამ დებულებების გამოსაყენებლად ასევე აუცილებელია იმის დამტკიცება, რომ Temu-ს აზერბაიჯანის ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია.
სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განმარტების თანახმად, კომპანია შეიძლება დომინანტად ჩაითვალოს, თუ მის წილს შესაბამის ბაზარზე 35 პროცენტი აღემატება.
თუმცა უწყებას არ დაუკონკრეტებია, ბაზრის რომელ სეგმენტზეა საუბარი და რა წილი უკავია მასში Temu-ს.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კომპანიას სერიოზული სანქციები ემუქრება. როგორც Axar.az კონკურენციის კოდექსზე დაყრდნობით წერს, კომისიას შეუძლია კომპანიას საფასო პოლიტიკის შეცვლა მოსთხოვოს, აზერბაიჯანში მისი წლიური ბრუნვის 10 პროცენტის ოდენობით დააკისროს ჯარიმა ან უკანონოდ მიღებული შემოსავლის ნახევრის ოდენობის ფინანსური სანქცია დაუწესოს.
ვინ ჩივის და ვინ არის შეშფოთებული?
მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, ვინ შეიტანა საჩივარი, Temu-ს საქმიანობით უკმაყოფილება გამოძიების დასრულებამდეც არსებობდა. ივლისში Haqqin.az-მა დაწერა, რომ ადგილობრივი მეწარმეები სოციალურ ქსელებში გაყიდვების შემცირებისა და სავაჭრო ცენტრებში მოქმედი მაღაზიების რაოდენობის კლების შესახებ ჩიოდნენ.
ისინი პლატფორმით სარგებლობისთვის გადასახადების ან შეზღუდვების დაწესებას და აზერბაიჯანში აპლიკაციის დაბლოკვასაც კი ითხოვდნენ.
თუმცა მედიასთან კომენტარისას არაერთმა ეკონომისტმა განსხვავებული პოზიცია გამოხატა. ყოფილმა დეპუტატმა და ეკონომისტმა ვაჰიდ აჰმედოვმა Haqqin.az-ს განუცხადა, რომ საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის Temu ცნობილი ბრენდების მაღაზიების ალტერნატივაა.
მისი აზრით, ანტიმონოპოლიური ორგანო მონოპოლიებს უნდა ებრძოდეს და არა იაფ საქონელზე ხელმისაწვდომობას ზღუდავდეს. პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა კი სხვა უწყებების კომპეტენციაა.
იმავე პუბლიკაციაში ეკონომისტმა რაუფ გარაევმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პლატფორმაზე ზეწოლის უკან არა მწარმოებლები, არამედ ისეთ სავაჭრო ცენტრებში, როგორიცაა „ბინა“ და „სადარაკი“, მომუშავე გამყიდველები დგანან.
გარაევის თქმით, თურქეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანში სამომხმარებლო საქონლის საკუთარი წარმოება პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ უცხოური სავაჭრო პლატფორმებისთვის შეზღუდვების დაწესება მყიდველებს არჩევანის შესაძლებლობას უმცირებს.
ამასობაში, Temu-ს ერთ-ერთი კონკურენტი მანამდე კონკურენციის სასარგებლოდაც გამოდიოდა.
2024 წლის ოქტომბერში, თურქული სავაჭრო პლატფორმის Trendyol-ის ბაქოს ოფისის გახსნისას, მისი აზერბაიჯანული განყოფილების დირექტორმა ირემ ჩაღრი ილანდილმა, Temu-ს შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა: „კონკურენცია ყოველთვის მომგებიანია მყიდველებისთვის“.
შეშფოთებას მყიდველებიც გამოთქვამენ. როგორც Axar.az წერს, გამოძიების დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელებში Temu-ზე საქონლის გაძვირების შესახებ ცნობები გახშირდა.
რა მოხდა საბაჟოზე?
Temu-ს აზერბაიჯანში ოფიციალური წარმომადგენლობა არ აქვს. შეკვეთები უცხოეთში მდებარე საწყობებიდან სატრანსპორტო კომპანიების მეშვეობით იგზავნება. მიმდინარე წელს პლატფორმის საშუალებით შეკვეთილი ამანათების საბაჟო გაფორმება შეფერხდა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ შაჰინ ბაგიროვმა 29 აპრილს აზერბაიჯანის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე განმარტა შეფერხების მიზეზები.
მისი თქმით, Temu-დან შემოსული ტვირთების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ისინი აეროპორტში საბაჟო ორგანოებისთვის წინასწარი ელექტრონული შეტყობინების გარეშე შედიოდა.
ამის გამო შეფერხებები დაახლოებით ორ კვირას გაგრძელდა. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა Temu-ს ტვირთების შესახებ ინფორმაციის წინასწარ მიწოდება მოსთხოვა.
იმავე სხდომაზე ბაგიროვმა განაცხადა, რომ ქვეყნის მილიონზე მეტი მცხოვრები ონლაინშოპინგით სარგებლობს, ხოლო წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების რაოდენობამ 18 მილიონს მიაღწია.
მან აღნიშნა, რომ 300-დოლარიანი უბაჟო იმპორტის ლიმიტის გადახედვის საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება, თუმცა შეახსენა, რომ მეზობელ ქვეყნებში მსგავსი შეღავათები უკვე გაუქმებულია.
2020 წლიდან აზერბაიჯანში ფიზიკური პირის მიერ 30 დღის განმავლობაში ფოსტით ან სატრანსპორტო კომპანიების მეშვეობით შემოტანილი საქონელი საბაჟო გადასახადით არ იბეგრება, თუ მისი საერთო ღირებულება 300 დოლარს არ აღემატება.
რა ზომებს მიმართავენ Temu-ს წინააღმდეგ სხვა ქვეყნებში?
თურქეთში, რომელიც ბაგიროვმა მაგალითად მოიყვანა, 1 თებერვლიდან 30 ევრომდე ღირებულების უცხოური ამანათების გამარტივებული საბაჟო გაფორმების წესი გაუქმდა.
მანამდე, 21 იანვარს, თურქეთის კონკურენციის დაცვის უწყებამ სტამბოლში პლატფორმის ოფისში ადგილზე შემოწმება ჩაატარა. იანვრის ბოლოს Temu-მ თურქეთში უცხოეთიდან საქონლის მიწოდება შეაჩერა.
პლატფორმის მიმართ ზომები სხვა ქვეყნებშიც მიიღეს, თუმცა ამის საფუძველი განსხვავებული იყო:
ევროკავშირი. მაისში ევროკომისიამ Temu-ს 200 მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრა პლატფორმაზე სახიფათო და კანონით აკრძალული საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებული რისკების არასათანადო შეფასებისთვის. კომპანია ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. უზბეკეთი. 2025 წლის მარტში პლატფორმაზე წვდომა შეიზღუდა. ხელისუფლებამ ეს ელექტრონული ვაჭრობის, მომხმარებელთა უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობითა და საგადასახადო დავალიანებით ახსნა. ვიეტნამი. 2024 წლის დეკემბერში Temu-ს საქმიანობა ქვეყანაში შეჩერდა სავალდებულო რეგისტრაციის არქონის გამო. ინდონეზია. 2024 წელს მთავრობამ აპლიკაციის დაბლოკვა მოითხოვა ადგილობრივი მცირე მეწარმეების ინტერესების დასაცავად.
ევროკავშირში, უზბეკეთსა და ვიეტნამში პლატფორმის მიმართ ძირითადი პრეტენზიები საქონლის უსაფრთხოებას, რეგისტრაციის მოთხოვნებისა და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვას უკავშირდებოდა.
აზერბაიჯანის შემთხვევასთან ყველაზე ახლოს ინდონეზიის მაგალითია, სადაც ხელისუფლებამ საკუთარი ნაბიჯები ადგილობრივი გამყიდველების დაცვის აუცილებლობით დაასაბუთა.
რა იქნება შემდეგ?
ახლა კონკურენციის კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა საქმის აღძვრის საფუძველი. თუ დარღვევა არ დადასტურდება, საკითხის განხილვა შესაძლოა შეწყდეს.
ეკონომისტი ხალიდ ქერიმლი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში პლატფორმის დაბლოკვა ნაკლებად სავარაუდოა.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია ისეთი ზომები, როგორიცაა გაფრთხილების მიცემა, ჯარიმის დაკისრება და დარღვევის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრა.
ამასთან, კომპანიას კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება შეუძლია. ქერიმლის განმარტებით, უფრო მკაცრი ზომების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კომპანია კანონმდებლობის დარღვევას გააგრძელებს და სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნებს არ შეასრულებს.
ღიად რჩება საკითხი, როგორ უზრუნველყოფენ კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულებას იმ კომპანიის მიმართ, რომელსაც აზერბაიჯანში ოფიციალური წარმომადგენლობა არ აქვს. Temu-ს გამოძიებასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
აზერბაიჯანში Temu-ს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება
