ორიგინალი
NEST Centre: რუსეთის მხარეს უკრაინაში ომს აზერბაიჯანის 408 მოქალაქე ემსხვერპლა. რა არის ცნობილი ბაქოში?
ჯემნიუსი·23:19

NEST Centre: რუსეთის მხარეს უკრაინაში ომს აზერბაიჯანის 408 მოქალაქე ემსხვერპლა. რა არის ცნობილი ბაქოში?

25 ნოემბერი, 2026 · 23:19

რუსეთის არმიაში დაღუპული აზერბაიჯანელები

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში, სულ მცირე, აზერბაჯანის 408 მოქალაქე დაიღუპა. ისინი რუსეთის არმიის რიგებში იბრძოდნენ.

ეს მონაცემები დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრის, NEST Centre-ის (New Eurasian Strategies Centre) მიერ 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ კვლევაშია მოყვანილი.

კვლევა რუსეთის ფედერალური სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის (როსსტატის) მონაცემთა ბაზიდან გაჟონილ ინფორმაციას ეფუძნება, რომელიც რეგისტრირებული გარდაცვალების შემთხვევებს ასახავს.

NEST Centre-ის გამოთვლებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2026 წლის 29 სექტემბრამდე რუსეთის მხარეს მებრძოლი უცხო ქვეყნის 6 947 მოქალაქის დაღუპვა დაფიქსირდა.

დაღუპულთა რაოდენობით აზერბაიჯანი მეექვსე ადგილზეა – ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ბელარუსისა და ყირგიზეთის შემდეგ.

მიმდინარე წლის დასაწყისში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ქვეყნის „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ მოქალაქე დაიღუპა, თუმცა კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.

რას გვეუბნება 408 დაღუპულის მაჩვენებელი, რას არ ასახავს ეს მონაცემი და როგორია ბაქოს პოზიცია ამ ომში საკუთარი მოქალაქეების დაღუპვის საკითხზე?

როგორ მოხდა ინფორმაციის გაჟონვა?

ოქტომბრის ბოლოს ბელარუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა „კიბერპარტიზანებმა“ და უკრაინულმა ჯგუფმა Silent Crow-მ განაცხადეს, რომ როსსტატის საინფორმაციო სისტემებზე წვდომა მოიპოვეს.

უწყებამ დაადასტურა, რომ 29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე კიბერშეტევებს დაექვემდებარა, თუმცა მონაცემთა ბაზების გატეხვისა და კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ცნობები უარყო.

ამის შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალებამ და კვლევითმა ცენტრმა მონაცემთა ბაზის შინაარსი გააანალიზა.

გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის (SWP) მკვლევარმა იანეს კლუგემ განაცხადა, რომ მონაცემთა ბაზის ავთენტიკურობაში ეჭვი აღარ ეპარებოდა.

Bloomberg-მა კი აღნიშნა, რომ კრიპტოგრაფიული მეთოდებით მონაცემების ნამდვილობის დადასტურება ვერ შეძლო, თუმცა მათი გაყალბების ნიშნებიც ვერ აღმოაჩინა.

რატომ შეიძლება დაღუპულთა რაოდენობა 408-ზე მეტი იყოს?

NEST Centre-ში ხაზს უსვამენ, რომ დაღუპულთა სია არასრულია და წარმოდგენილი მონაცემები დანაკარგების რეალურ მასშტაბს არ ასახავს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

პირველ რიგში, 408 დაღუპულში მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეები შედიან. Bloomberg-ის იმავე მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული ანალიზის მიხედვით, უცხო წარმოშობის 11 335 დაღუპული სამხედრო მოსამსახურიდან ექვს ათასზე მეტი რუსეთის ფარგლებს გარეთ იყო დაბადებული, თუმცა დაღუპვამდე რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

რუსეთი უცხოელებს სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ მოქალაქეობას გამარტივებული და დაჩქარებული წესით ანიჭებს. შესაბამისად, აზერბაიჯანში დაბადებული ადამიანები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები გახდნენ და ომში დაიღუპნენ, აზერბაიჯანის შესახებ ამ სტატისტიკაში არ შედიან.

მეორე მიზეზი ისაა, რომ, მკვლევართა განმარტებით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის გარდაცვალება რუსეთის სამოქალაქო რეესტრის ორგანოებში არ დარეგისტრირებულა, ინფორმაცია შესაძლოა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შიდა დოკუმენტებში დარჩენილიყო.

მესამე – მონაცემთა ბაზაში არ არის ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ. ამასთან, 2025 წელს გარდაცვალების რეგისტრაციის საშუალო დაგვიანება ოთხ თვეზე მეტი იყო.

როგორ მოხვდნენ ისინი რუსეთის არმიაში?

NEST Centre ცალკეულ მონაცემებს არ აქვეყნებს იმის შესახებ, თუ როგორ ხვდებოდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები რუსეთის არმიაში. თუმცა კვლევაში ნათქვამია, რომ უცხოელებს, პირველ რიგში, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ჩასულ მიგრანტებს, სამოქალაქო სექტორში სამსახურს, დოკუმენტების გაფორმებაში დახმარებას ან საპატიმრო დაწესებულებებიდან გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ, შემდეგ კი სამხედრო ნაწილებში გზავნიდნენ.

მკვლევართა ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში მიგრანტებს სამხედრო კონტრაქტების გაფორმებას მუქარითა და ფიზიკური ძალადობით აიძულებდნენ.

გავრცელდა ცალკეული ცნობებიც იმის შესახებ, რომ მსგავსი გარემოებების გამო ფრონტზე აზერბაიჯანის მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ.

მიმდინარე წლის აგვისტოში გამოცემა Modern.az-მა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც რუსეთის არმიაში მსახური აზერბაიჯანელი ამტკიცებდა, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონაში უკანონოდ გაგზავნეს.

რას ამბობს ბაქო?

აზერბაიჯანში საზღვარგარეთ შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) 2026 წლის 3 თებერვალს განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა მონაწილეობდა რუსეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო მოქმედებებში; ისინი დაიღუპნენ, უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ ან დაიჭრნენ, ზოგი კი ტყვეობაში იმყოფება“.

უწყების ინფორმაციით, იმავე წლის იანვარში დააკავეს აზერბაიჯანის ოთხი მოქალაქე, რომლებსაც ეჭვმიტანილად მიიჩნევდნენ რუსეთის ან უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაში. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ „მსგავს შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს“. ამასთან, უწყებას არ დაუკონკრეტებია, რამდენი მოქალაქე დაიღუპა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან ტყვედ ჩავარდა.

აზერბაიჯანელები უკრაინის მხარესაც იბრძვიან. 2024 წლის სექტემბერში უკრაინის აზერბაიჯანელთა ერთიანი დიასპორის წარმომადგენელმა გალიბ ოსმანლიმ სააგენტო Turan-ს განუცხადა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინის არმიის რიგებში სულ მცირე 60 ეთნიკური აზერბაიჯანელი დაიღუპა.

მათ შორის იყვნენ როგორც უკრაინის მოქალაქეები, ისე აზერბაიჯანელები, რომლებსაც ამ ქვეყანაში ბინადრობის უფლება ჰქონდათ.

მოსკოვთან ურთიერთობების ფონზე

დაღუპულთა შესახებ მონაცემები ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის ფონზე გახდა ცნობილი. 2024 წლის დეკემბერში AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნამ და მომდევნო პერიოდში წარმოშობილმა უთანხმოებამ ორ ქვეყანას შორის ნდობა შეარყია. მიმდინარე წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ძებნა გამოაცხადა სამი რუსი პროპაგანდისტის მიმართ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს NEST Centre-ის კვლევის შედეგებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი არ ასაჯაროებს მონაცემებს რუსეთის არმიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობისა და მათ შორის დანაკარგების შესახებ.

რუსეთის არმიაში დაღუპული აზერბაიჯანელები

სრული სტატია წყაროზეწყარო: jam-news.net
  1. მთავარი
  2. ჯემნიუსი
  3. NEST Centre: რუსეთის მხარეს უკრაინაში ომს აზერბაიჯანის 408 მოქალაქე ემსხვერპლა. რა არის ცნობილი ბაქოში?

თემა: რუსეთის

ამ თემას 9 ქართული წყარო აშუქებს — სულ 236 სტატია.

  • ფორმულა·20:50
    რუსეთში დრონებით სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს
  • იმედი·19:48
    „ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება, არ მესმის, რატომ ვგზავნით სამხედროებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“ - ტედი რინერი საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს
  • BM.GE·18:39
    ლავროვმა ბოჭორიშვილის მოწოდებას რუსეთთან დიალოგის შიშის დაძლევაზე „პრაგმატული“ უწოდა
  • რუსთავი 2·18:26
    სერგეი ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია
რუსეთისუკრაინისმხარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ჯემნიუსი·20:34

“გადატრიალების მცდელობა“ მთავარ აქცენტად: რას ამბობს სუს-ი 2025 წლის ანგარიშში

“გადატრიალების მცდელობა“ მთავარ აქცენტად: რას ამბობს სუს-ი 2025 წლის ანგარიშში
ჯემნიუსი·18:56

სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო გაუქმდა. რა ვიცით ამ დროისთვის

სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო გაუქმდა. რა ვიცით ამ დროისთვის
ჯემნიუსი·11:45

ყალბი ვიდეოები და პირადი მონაცემების გავრცელება. ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე AI კამპანიის სამიზნე გახდა

ყალბი ვიდეოები და პირადი მონაცემების გავრცელება. ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე AI კამპანიის სამიზნე გახდა
ჯემნიუსი·18:44

პატიმრების კვება, გზების შეკეთება და სხვა შესყიდვები. 1.3 მლრდ ლარის ტენდერები კონკურენციის გარეშე გაფორმდა -TI

პატიმრების კვება, გზების შეკეთება და სხვა შესყიდვები. 1.3 მლრდ ლარის ტენდერები კონკურენციის გარეშე გაფორმდა -TI
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.