კუშნერმა პუტინს “ისტორიული ფიგურა” უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძემ და სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს “ისტორიული ფიგურა“ და “პოლიტიკის დიდოსტატი“ უწოდა.
ამის შესახებ კუშნერმა გერმანული მედია ჯგუფის Axel Springer-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მათიას დიოფნერთან, ინტერვიუში ისაუბრა.
კუშნერის განცხადებით, პუტინი მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის კარგად მომზადებულია, ყურადღებით ადევნებს თვალს საუბრის მიმდინარეობას, ბევრ ჩანაწერს აკეთებს და განსახილველ საკითხებს სიღრმისეულად იცნობს.
მისივე თქმით, მისი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეფასებით, პუტინს არა მხოლოდ მშვიდობის მიღწევა, არამედ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის შეცვლა და ახალი ეტაპის დაწყებაც სურს.
შეგახსენებთ, კუშნერი და უიტკოფი რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლების როლს ასრულებენ. კუშნერის შეფასებით, მხარეებმა ერთმანეთის პოზიციების უკეთ გაგების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
