აშშ-ში ლატარიის გამარჯვებული, რომელმაც მილიონი დოლარი მოიგო, დეპორტაციის მოლოდინშია
აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში, ლატარიაში მილიონი დოლარის მოგებიდან ექვს დღეში სალვადორელი მიგრანტი დააკავეს. როგორც გაირკვა, მამაკაცი ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდა და მისი დეპორტაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა გამოტანილი.
არიელ ანტონიო ველასკეს მორალესი აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის თანამშრომლებმა 24 ნოემბერს, აღმოსავლეთ ბოსტონში დააკავეს.
შემთხვევის შესახებ თავდაპირველად Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია. მოგვიანებით დაკავების ფაქტი საიმიგრაციო სამსახურმაც ოფიციალურად დაადასტურა.
10 დოლარად შეძენილი ბილეთი და მილიონიანი მოგება
სალვადორელმა მამაკაცმა მომგებიანი ბილეთი აღმოსავლეთ ბოსტონში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში 10 დოლარად შეიძინა. მასაჩუსეტსის შტატის ლატარიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს ამ ტიპის ლატარიაში მისი მონაწილეობის პირველი შემთხვევა იყო.
მამაკაცმა მოგებული თანხის ეტაპობრივად მიღებას ერთჯერადი ანაზღაურება ამჯობინა, რის შედეგადაც მას გადასახადების დაქვითვამდე 650 ათასი დოლარი გადაეცა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ველასკეს მორალესი თანხის ნაწილის დაზოგვასა და ინვესტირებას გეგმავდა.
18 ნოემბერს მას ლატარიის ადმინისტრაციამ მილიონი დოლარის სიმბოლური ჩეკი გადასცა, სამი დღის შემდეგ კი გამარჯვებულის ფოტო ლატარიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
აშშ-ში არალეგალურად 12 წელზე მეტხანს ცხოვრობდა
საიმიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, ველასკეს მორალესმა აშშ-ის საზღვარი ტეხასის შტატში 2013 წელს უკანონოდ გადაკვეთა. ის მესაზღვრეებმა დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს და საიმიგრაციო სასამართლოში გამოცხადება დაავალეს.
მამაკაცს ასევე გადასცეს იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებიც მიგრანტებს უფასო იურიდიულ მომსახურებას უწევენ.
2014 წლის აპრილში საიმიგრაციო მოსამართლემ მისი დეპორტაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სალვადორელმა ქვეყანა არ დატოვა.
24 ნოემბერს, როდესაც საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა მისი დაკავება სცადეს, მამაკაცი გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. დაკავების პროცესი თანამშრომლების სამხრე კამერებმაც დააფიქსირა.
„როგორც ჩანს, მისი იღბალი ამოიწურა“, – განაცხადა საიმიგრაციო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ, მაიკა ბოკმა.
გახდა თუ არა ლატარიაში მოგება მამაკაცის დაკავების მიზეზი?
მომხდარის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გარემოება ის არის, რომ მამაკაცი, რომლის დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება 12 წელზე მეტი ხნის წინ მიიღეს, სწორედ მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი ფოტო სოციალურ ქსელში საჯაროდ გავრცელდა.
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლატარიის ბილეთის შეძენამ საბოლოოდ მამაკაცის დაკავება გამოიწვია. თუმცა უწყებას არ დაუკონკრეტებია, როგორ დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი და უშუალოდ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ დაიწყეს თუ არა მისი ძებნა.
როგორც CNN-ი წერს, საიმიგრაციო სამსახურმა ამ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა.
აქვთ თუ არა არალეგალურ მიგრანტებს აშშ-ში ლატარიაში მონაწილეობის უფლება?
მამაკაცის დაკავებამ აშშ-ში კიდევ ერთი საკითხი წამოჭრა – რამდენად კანონიერია ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები პირის მიერ ლატარიაში მონაწილეობა და მოგებული თანხის მიღება.
მასაჩუსეტსის შტატის ლატარიის ადმინისტრაციის განმარტებით, ლატარიაში მონაწილეობა და მოგებული თანხის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პირს, რომელიც ბილეთის შეძენისას შტატის ტერიტორიაზე იმყოფება.
ლატარიის წესების თანახმად, აშშ-ის მოქალაქეობა ან ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების უფლება მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობა არ არის.
ამასთან, მასაჩუსეტსის შტატში ლატარიის გამარჯვებულთა ვინაობა საჯარო ინფორმაციაა, თუმცა არსებობს მოგებული თანხის სპეციალური ნდობითი მართვის მექანიზმის საშუალებით მიღების შესაძლებლობაც, რაც გამარჯვებულს გარკვეული კონფიდენციალურობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.
რა ბედი ეწევა მოგებულ თანხას?
ამ ეტაპზე უცნობია, შეძლებს თუ არა ველასკეს მორალესი დეპორტაციის შემთხვევაში მოგებული თანხის შენარჩუნებას და სამშობლოში წაღებას.
არც საიმიგრაციო სამსახურს და არც ლატარიის ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია ინფორმაცია თანხის შესაძლო გაყინვის ან კონფისკაციის შესახებ.
ასევე უცნობია, ჰყავს თუ არა დაკავებულს ადვოკატი და აპირებს თუ არა დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების სამართლებრივი გზით გასაჩივრებას.
საიმიგრაციო სამსახურის განცხადებით, სალვადორელი მამაკაცი პატიმრობაში აშშ-დან დეპორტაციამდე დარჩება.
