თბილისის რომელ უბნებშია ბინები ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი?!
თბილისში ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონება ვაკისა და მთაწმინდის ცენტრალურ ნაწილებშია, სადაც კვადრატული მეტრის ღირებულება ცალკეულ პროექტებში 7 000 დოლარსაც აღწევს, - ამის შესახებ უძრავი ქონების სპეციალისტმა, საბროკერო კომპანია Sakura Properties-ის დამფუძნებელმა ვიქტორია საკუროვამ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისივე თქმით, შედარებით ხელმისაწვდომია ბინების შეძენა: დიდ დიღომში, ვარკეთილსა და გლდანის განაპირა ტერიტორიებზე.
ამასთან, როგორც საკუროვა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, დედაქალაქში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ყველა უბანშია, თუმცა, ყველაზე მოთხოვნად ლოკაციებად საბურთალო, დიდი დიღომი, ისანი-სამგორი და გლდანი რჩება.
უძრავი ქონების სპეციალისტის თქმით, ვაკეში ყველაზე ძვირადღირებულ ლოკაციებად ჭავჭავაძის, აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩები, ასევე მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორია სახელდება.
რაც შეეხება მთაწმინდას, აქ ფასების განსაზღვრა კონკრეტული ქუჩების მიხედვით რთულია, რადგან რამდენიმე გამორჩეული პროექტია, საიდანაც თბილისზე ხედები იშლება და კვადრატული მეტრის ღირებულება 5 000-7 000 დოლარს აღწევს.
„უძრავი ქონება ყველაზე ძვირი არის ვაკის და მთაწმინდის ტერიტორიებზე, კერძოდ, ამ უბნების ცენტრალურ ნაწილებში. მაგალითად, ვაკეში - ჭავჭავაძის გამზირი, აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩები, ასევე მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორია არის ყველაზე ძვირადღირებული ლოკაციები.
რაც შეეხება მთაწმინდას, იქ ცოტა ქაოსურია ფასები ქუჩების მიხედვით, რადგან არის რამდენიმე უნიკალური პროექტი, რომელიც ძირითადად გადაჰყურებს თბილისს და ამ პროექტებში კვადრატული მეტრის ღირებულება შეიძლება იყოს 5-6-7 ათასი დოლარი.
ვაკის ცენტრალურ ნაწილში კვადრატულის ფასი იწყება დაახლოებით 3 500 დოლარიდან და 6 500 დოლარამდე აღწევს.
რაც შეეხება ლოკაციებს, სადაც უფრო ხელმისაწვდომია ბინების შეძენა, ესენია უფრო: დიდი დიღომი, ვარკეთილი და გლდანი, ოღონდ ამ უბნების განაპირას, სადაც ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ ვითარდება“, - აცხადებს ვიქტორია საკუროვა.
უძრავი ქონების სპეციალისტის შეფასებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულებით ყველაზე მოთხოვნად უბნებს შორის კვლავ საბურთალო ლიდერობს, მას მოსდევს დიდი დიღომი, ისანი-სამგორი და გლდანი.
ამასთან, ვიქტორია საკუროვას თქმით, თბილისში მოთხოვნა ყველა უბანზეა, თუმცა ფასებისა და მიწოდების თვალსაზრისით განსხვავებული მდგომარეობაა დასრულებულ და მშენებარე პროექტებში.
მისივე განმარტებით, მეორად ბაზარზე ანუ დასრულებულ ბინებზე, მიწოდება ძალიან დაბალია, მოთხოვნა კი მაღალი. შედეგად, რეალურ საბაზრო ფასთან ახლოს შეფასებული ბინები სწრაფად იყიდება, ხოლო ის ობიექტები, რომლებზეც მფლობელები არარეალურ ფასს ითხოვენ, ბაზარზე დიდხანს რჩება.
განაგრძე კითხვა
