როგორ შეიქმნა „ოფელია“ - ნახატი, რომლის მიღმაც შექსპირის ტრაგედიაზე არანაკლებ დრამატული ისტორია იმალება
ბრიტანელი მხატვრის, ჯონ ევერეტ მილეისის „ოფელია“ მსოფლიო მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ტილოა. 1851–1852 წლებში შექმნილი ნახატი შექსპირის „ჰამლეტის“ ტრაგიკულ პერსონაჟს ასახავს - ახალგაზრდა ოფელიას, რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვითა და სასოწარკვეთილებით შეპყრობილი მდინარეში იხრჩობა.
ნახატის შექმნას თავადაც დრამატული ისტორია ახლავს. მილეისი ნამუშევრის პეიზაჟს ბუნებაში, მდინარის პირას, ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ქმნიდა. ოფელიას მოდელად კი ახალგაზრდა ელიზაბეთ სიდალი შეარჩია. მას სპეციალურად მოწყობილ, წყლით სავსე აბაზანაში უწევდა პოზირება, რათა მხატვარს წყალში მცურავი ქალის სხეული მაქსიმალური სიზუსტით გადმოეცა. გადმოცემის თანახმად, აბაზანის გასათბობი სანათები ჩაქრა, სიდალი კი ცივ წყალში დიდხანს დარჩა და გაცივდა. მოგვიანებით მამამისმა მხატვარს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაც მოსთხოვა.
მილეისმა ტილოზე ყვავილებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა: თითოეული მათგანი შექსპირის პიესასთან, სიყვარულთან, სიკვდილთან და ტრაგიკულ ბედთან ასოცირდება.
დღეს „ოფელია“ ლონდონის Tate-ის კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია. მისი ნახვისას მაყურებელი თითქოს შექსპირის ტრაგედიის ბოლო სცენის უშუალო მოწმე ხდება.
ჯონ ევერეტ მილეისი (1829–1896) ინგლისელი მხატვარი იყო, რომლის სახელიც მე-19 საუკუნის ბრიტანული ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმდინარეობას - პრერაფაელიტთა საძმოს უკავშირდება.
მან ეს მხატვრული გაერთიანება 1848 წელს უილიამ ჰოლმან ჰანტთან და დანტე გაბრიელ როსეტისთან ერთად დააარსა. ახალგაზრდა მხატვრები აკადემიურ ტრადიციებს უპირისპირდებოდნენ და ხელოვნებაში ბუნების მაქსიმალურ სიზუსტეს, მკვეთრ ფერებსა და დეტალების განსაკუთრებულ სიფაქიზეს ანიჭებდნენ უპირატესობას. მილეისის ნიჭი იმდენად ადრე გამოვლინდა, რომ სულ რაღაც 11 წლის ასაკში სამეფო აკადემიის სკოლაში ჩაირიცხა და მის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტად იქცა. მოგვიანებით იგი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ მხატვრად იქცა, ხატავდა პორტრეტებს, პეიზაჟებსა და ლიტერატურული ნაწარმოებებით შთაგონებულ კომპოზიციებს. სიცოცხლის ბოლო წელს სამეფო აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. დღეს მილეისი განსაკუთრებით ცნობილია თავისი შედევრით „ოფელია“, რომელიც პრერაფაელიტული მხატვრობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნიმუშად მიიჩნევა.
