გრიგოლეთის საფეხბურთო ბაზა „გურიასთვის“ – 5-მილიონიანი ინვესტიცია და ახალი მოლოდინები
ლანჩხუთის საკრებულო უახლოეს სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას: მიეცემა თუ არა თანხმობა სოფელ გრიგოლეთში მდებარე საფეხბურთო ბაზის შპს „ფეხბურთის კლუბ ლანჩხუთის გურიასთვის“ 20-წლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემაზე.
როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, „ფეხბურთის კლუბ ლანჩხუთის გურიას“ დირექტორმა, ზურაბ ოქროპირიძემ, ლანჩხუთის მერიას ოფიციალური წერილით მიმართა. კლუბი ითხოვს გრიგოლეთის საფეხბურთო ბაზის ტერიტორიის 20 წლით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემას, სანაცვლოდ კი მინიმუმ 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას იღებს.
მიმართვის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცოტა ხნის წინ, შპს „ფეხბურთის კლუბ ლანჩხუთის გურიას“ 100%-იანი წილი ახალმა პარტნიორმა, შპს „დიემჯი გრუპმა“ შეისყიდა. ახალი მფლობელის მიზანია, კლუბის საქმიანობის ფარგლებში, რეგიონში სპორტის განვითარება, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ამ ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, კლუბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრიგოლეთში მდებარე საფეხბურთო ბაზის გამოყენება, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.
დოკუმენტის მიხედვით, კლუბი მზად არის, აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, გრიგოლეთის ბაზაზე თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა მოაწყოს. ეს მოიცავს არანაკლებ ორ ბუნებრივსაფარიან მოედანს, 32 ადამიანზე გათვლილ გასახდელებსა და საშხაპეებს, 400-კაციან ტრიბუნას, სამედიცინო, მსაჯებისა და მწვრთნელების ოთახებს, ოთხ მოსასვენებელ ოთახს, ტერიტორიის შემოღობვას, განათებას და 60 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს.
გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ინვესტორი იღებს ვალდებულებას, ყოველწლიურად მინიმუმ 500 ათასი ლარი ჩადოს უშუალოდ კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ადმინისტრაციულ, ფინანსურ და ორგანიზაციულ განვითარებაში. დოკუმენტში მკაცრადაა გაწერილი, რომ ბაზის ტერიტორია მხოლოდ სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის, განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის იქნება გამოყენებული.
ქონებით სარგებლობის საფასურთან დაკავშირებით, ინვესტორი ითხოვს, რომ პირველი ათი წლის განმავლობაში ის სიმბოლურად, ერთჯერადად, ერთი ლარით განისაზღვროს. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში რეალური თანხის გადახდა მხოლოდ ხელშეკრულების მე-11 წლიდან დაიწყება, ხოლო მისი ოდენობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ საბაზრო ღირებულების მიხედვით დადგინდება.
20-წლიანი აღნაგობის ვადის გასვლის შემდეგ, „ლანჩხუთის გურიას“ შეთავაზებით, ბაზა კლუბს საკუთრებაში უნდა გადაეცეს შეთანხმებული ფასით, რომელიც ქონების საბაზრო ღირებულებას გამოკლებული განხორციელებული ინვესტიციისა და გაწეული დანახარჯების მოცულობით განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ გრიგოლეთის ბაზის მიღების სურვილი რამდენიმე თვის წინაც გამოთქვა. თუმცა, მაშინ ინვესტორი ბაზის მიწის გადაცემას ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით ცდილობდა, რასაც ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატები არ დაეთანხმნენ. მათი პოზიციით, ამ პროცედურისთვის შუამავალი არ იყო საჭირო და მუნიციპალიტეტს თავად უნდა განეკარგა საკუთარი ქონება.
ახლა საკრებულოს წევრების გადასაწყვეტია, დათანხმდებიან თუ არა მერიას, გადასცეს შპს „ფეხბურთის კლუბ ლანჩხუთის გურიას“ 20-წლიანი აღნაგობის უფლებით გრიგოლეთის საფეხბურთო ბაზა. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი.
